ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმომადგენელმა Georgia Capital-თან არსებულ დავასთან დაკავშირებით პოზიცია მედიას გააცნო

ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმომადგენელმა Georgia Capital-თან არსებულ დავასთან დაკავშირებით პოზიცია მედიას გააცნო

24 თებერვალს სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ-ში ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლისა და აქციონერის, ნათია ჯანაშიას სამართლებრივმა წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ მედიასთან მიმდინარე დავის შესახებ ისაუბრა. უკანასკნელ დღეებში ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და საქართველოს განათლების ჯგუფს  შორის დავამ მწვავე სახე მიიღო. მოვლენები განსაკუთრებული სისწრაფით  12 თებერვლის შემდეგ განვითარდა —  სწორედ ამ დღეს იყო ჩანიშნული პარტნიორთა კრება.

“ამა წლის 12 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო ბრიტანულ-ქართული აკადემიის პარტნიორთა კრება, რომელიც არ შედგა, თუმცა საქართველოს კაპიტალის შვილობილმა კომპანია “საქართველოს განათლების ჯგუფმა” ნათია ჯანაშიას დირექტორის პოზიციიდან გადაყენება მაინც სცადა. მიუხედავად იმისა, რომ კრება მრავალი დარღვევის ფონზე ჩაიშალა, “საქართველოს განათლების ჯგუფმა” მაინც შეადგინა კრების ოქმი, სადაც ნათია ჯანაშიას დირექტორის პოზიციიდან გადაყენება და მის ნაცვლად სასკოლო საზოგადოებისათვის უცნობი იოჰან ვან ლილის დანიშვნა დააფიქსირა”, — განაცხადა იმედა დვალიძემ.

12 თებერვალს საჯარო რეესტრმა საქართველოს კაპიტალის უფლებამონაცვლე შპს საქართველოს განათლების ჯგუფის მიერ 12 თებერვალს წარდგენილი განცხადება შეაჩერა. 13 თებერვლიდან დღემდე საქართველოს კაპიტალმა რამდენჯერმე მიმართა საჯარო რეესტრს კრების ოქმით. 21 თებერვალს მარეგისტრირებელმა ორგანომ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც შპს “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორი იოჰანეს ვან ლილი  გახდა.

“საქართველოს განათლების ჯგუფის წარმომადგენლები 22 თებერვალს დილიდან ცდილობდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ტერიტორიაზე შეჭრას და არ ემორჩილებოდნენ დაცვის სამსახურის მოთხოვნებს. იმავე დღეს პოლიციამ დაცვის თანამშრომლები გამოკითხვის მიზნით დაიბარა. მეორე დღეს კი სკოლის პერიმეტრი უკვე ახალი დირექტორის დაქირავებულმა დაცვის სამსახურმა დაიკავა”, — თქვა იმედა დვალიძემ.

ნათია ჯანაშიას განცხადებით, წილის შესყიდვისას საქართველოს კაპიტალმა ათობით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, რაც არ შეუსრულებია. მისი სიტყვებით, საქართველოს კაპიტალს ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში — ლისზე და ოქროყანაში.

იმედა დვალიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნაცვლად ადგილზე პატრულის მიყვანისა, “საქართველოს კაპიტალს” შეეძლო, სასამართლოს გზით მოეპოვებინა ტერიტორიაზე შესვლის უფლება: “მე უშუალოდ ვესწრებოდი იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შაბათ დღეს. გარეთ ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია იყო შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ნუცუბიძის პოლიციის თანამშრომლებმა სახლიდან გაიყვანეს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 3 დაცვის თანამშრომელი და პოლიციის განყოფილებაში დააშინეს. 22 თებერვალს სკოლაში მოსული იყვნენ საეჭვო ადამიანები, რომელთაც სკოლის თანამშრომლები სამუშაო ადგილიდან გამოყარეს”.

კითხვაზე, რა ხდება ახლა უშუალოდ აკადემიაში, იმედა დვალიძემ უპასუხა, რომ ახლახან გაათვისუფლეს დაცვის თანამშრომლები და ახლა სკოლას ახალი კადრები იცავენ. ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებენ ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე.

საქართველოს კაპიტალის არგუმენტი ფინანსების არასათანადო მართვასთან დაკავშირებით  საფუძველს მოკლებულია. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ბანკს ჰქონდა შესაძლებლობა, თავად გაეკონტროლებინა სკოლის ფინანსური მდგომარეობა და ამისთვის შესაბამისი კადრიც ჰყავდა. ფინანსების არასწორად მართვაში ბრალდება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ნათია ჯანაშია უზრუნველყოფდა მოსწავლეებისათვის ხარისხიანი ინფრასტრუქტურის არსებობას. ცხადია, რომ მშობლები, რომლებიც ამ სკოლაზე აკეთებენ არჩევანს და შესაბამის საფასურს იხდიან, ელოდებიან, რომ ბავშვს იქ საუკეთესო პირობები დახვდება: ამაში იგულისხმება ინფრასტრუქტურა, მასწავლებლები, სასკოლო ღონისძიებები და ა.შ.”— თქვა იმედა დვალიძემ. 

იმედა დვალიშვილის თქმით, დირექტორის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ნათია ჯანაშიამ განსახორციელებელ ინვესტიციებზე სულ უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი. მხარეებს შორის კიდევ ერთი სადავო საკითხი ოქროყანაში მდებარე მიწის ნაკვეთია,რომელიც  საქართველოს კაპიტალის ბალანსზეა. ნათია ჯანაშიას განცხადებით, ამ მიწის მშენებლობისთვის მომზადება (პროექტები, აზომვები, ნებართვა) შპს ბრიტანულ-ქართულ აკადემიას 3 მილიონამდე დაუჯდა.