ბრიუს უილისმა საკუთარ გარეგნობაზე ციფრული უფლებები კომპანია Deepfake-ს მიჰყიდა

ბრიუს უილისმა საკუთარ გარეგნობაზე ციფრული უფლებები კომპანია Deepfake-ს მიჰყიდა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ბრიუს უილისმა, რომელსაც, ცოტა ხნის წინ აფაზია დაუდგინეს, საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებული ციფრული უფლებები კომპანია Deepfake-ს მიჰყიდა, – ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.

გამომდინარე იქიდან, რომ თავის ტვინის დაავადება, რომლის დიაგნოზი მსახიობს მიმდინარე წლის მარტში დაუსვეს, მეტყველების ფუნქციის, კერძოდ კი სიტყვების მეშვეობით აზრის გამოხატვის შესაძლებლობის დაკარგვას ან მოშლას იწვევს, ასეთ გარიგებაში შესვლა ამერიკელს ფილმებში, სერიალებსა და რეკლამებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ბრიუს უილისი დიპფეიკ-ტექნოლოგიის გამოყენებით ეკრანზე ამ დრომდეც გამოჩენილა – საუბარია რუსული სატელეფონო ოპერატორის, „მეგაფონის“ რეკლამაზე.

„ჩემი პერსონაჟის სიზუსტემ მომხიბლა. ეს რეკლამა მძაფრსიუჟეტიანი კომედიის ჟანრში შესრულებული ერთგვარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო – ეს ჟანრი კი, ჩემთვის ნაცნობია. ამ გამოცდილებამ წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობა მომცა. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გადაღებებში მონაწილეობა სხვა კონტინენტიდან შევძელი – ეს ახალი და საინტერესო გამოცდილებაა“, – წერდა მსახიობი საკუთარ ბლოგში.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ბრიუს უილისმა სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებაც კი განაცხადა, მაგრამ როგორც ჩანს, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, ის მუშაობას ჰიბრიდულ რეჟიმში განაგრძობს.