ბრიუსელი ბუნებრივი აირის ფასების დასტაბილურების მიზნით რეზერვების შექმნას აანონსებს

ბრიუსელი ბუნებრივი აირის ფასების დასტაბილურების მიზნით რეზერვების შექმნას აანონსებს

ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბუნებრივი აირის ნებაყოფლობითი სტრატეგიული რეზერვების შექმნას სთავაზობს, რაც მთელი ბლოკისათვის მიწოდების სტაბილურობას განაპირობებს.

სამიტის წინ, ევროკავშირის ქვეყნებთან გაზიარებული დოკუმენტის საფუძველზე, Reuters-ი იტყობინება, რომ შემოთავაზებული სისტემა ევროკავშირის გაზის ბაზრის წესების განახლების ნაწილია. ევროკავშირი, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ბლოკის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, ერთობლივად და ნებაყოფლობით შეიძინონ ბუნებრივი აირი სტრატეგიული რეზერვების შესაქმნელად.

ოქტომბერში ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ისინი ერთობლივი სტრატეგიული რეზერვების შექმნას განიხილავდნენ. თავდაპირველად ეს იდეა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცირე ჯგუფმა წამოაყენა, მათ შორის იყო ესპანეთი და საფრანგეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირი ევროკავშირის მთლიანი ენერგიის მოხმარების მეოთხედზე მეტს წარმოადგენს, მისი რეზერვები ხელმისაწვდომია წევრი ქვეყნების მხოლოდ ნახევარში. S&P Global Platts-ის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით გაზის საცავის დონე შემცირებულია – რეზერვები მხლოდ 72%-ითაა შევსებული, მაშინ როცა 2020 წელს 28 წევრ ქვეყანაში მარაგის დონე 94-%-ს შეადგენდა.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ კოლექტიური სქემის შესრულება იქნება ნებაყოფლობითი და შესაბამისობაში ევროკავშირის კონკურენციის კანონთან.

ევროპის მთავრობები გამოსავლის გზებს ეძებენ, რათა დაიცვან ოჯახები ენერგიის მაღალი გადასახადებისგან, რადგან გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯები ზამთრის ცივ პერიოდში მთელ კონტინენტზე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ევროპული გაზის საბითუმო ფასი წელს 500%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან გაზის შემცირებული მიწოდება Covid-19-ის პანდემიისგან გამოჯანსაღებული ეკონომიკების გაზრდილ მოთხოვნას დაემთხვა.

ამავდროულად, ბრიუსელი ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგიის გადასახადების ზრდის შესამსუბუქებლად მოკლევადიანი ზომების შემოღებას სთავაზობს, მათ შორისაა სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა, მცირეშემოსავლიანი კომპანიების სუბსიდიები და გადასახადების შემცირება. კომისიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დროებითი, მიზანმიმართული და მორგებული თითოეული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მახასიათებლებს.