Broadcom-მა $61 მილიარდად VMware-ი იშეიძინა

Broadcom-მა $61 მილიარდად VMware-ი იშეიძინა

ნახევარგამტარი ჩიპების მწარმოებელმა Broadcom-მა $61 მილიარდად პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია VMware-ი შეისყიდა. გარიგებამ საბოლოოდ თანხმობა მიიღო ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოებისგან, თუმცა გარკვეული დათქმებით.

ჩიპების ამერიკული მწარმოებლისა და ღრუბლოვანი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის შერწყმა ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა ტექნოლოგიური სფეროს ისტორიაში. პარტნიორობის ნებართვა უკვე გაიცა ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მარეგულირებლებისგან. გარიგებისთვის იურიდიული დაბრკოლებები არ არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ანალიტიკოსთა შეფასებით, ჩინეთში შეთანხმებაზე ნებართვის გაცემა შესაძლოა მასსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებდეს, განსაკუთრებით კი სი ძინპინის ამერიკაში ვიზიტის შემდეგ.

ჩინეთის მიერ წამოყენებული პირობები კომპანიების მიერ ადგილობრივ ბაზარზე მათი პროდუქციის გაყიდვას უკავშირდება. მათ შორის, მარეგულირებლების განცხადებით, მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ VMware-ის სერვერის პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადია Broadcom-ის კონკურენტების აპარატურულ აღჭურვილობასთან („ჰარდვეარი“). ჩინეთის განცხადებითვე, პირობების შესრულების შემთხვევაში გარიგება დამტკიცდება, ქვეყანას კი უფლება აქვს შეამოწმოს კომპანიების მხრიდან შეზღუდვების დაცვა.

ცნობისთვის, გარიგება ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დაანონსდა, თუმცა მარეგულირებლების მხრიდან მრავალჯერადი შემოწმების ობიექტად იქცა და მისი დახურვის ვადაც სამჯერ გადაიდო. მართალია, ჩინეთის მხრიდან დამტკიცების შემდეგ, Broadcom-ის აქციები 1.8%-ით $978.33-მდე, VMware-ის კი 4.6%-ით – $143.20-მდე დაეცა, ანალიტიკოსები შეთანხმებას კვლავ პოზიტიურად აფასებენ. გარიგების პირობებით, აქციონერები VMware-ის თითო აქციისთვის Broadcom-ის 0.252 აქციას ან ნაღდი ფულით, $142.50-ს მიიღებენ.