ბუშტის ქაფიდან დაბადებული

ბუშტის ქაფიდან დაბადებული

მას მერე, რაც დოტ-კომის ბუშტის გახეთქვამ ლამის გააკოტრა, ფინანსური ტექნოლოგიების პიონერი, ბილ სტოუნი, ასპარეზს შთამბეჭდავად უბრუნდება.

“ისეთი იდეა უნდა გაგიჩნდეს, რომელსაც განხორციელების შანსი აქვს, მერე კი ვეღარ შეეშვები”, – ამბობს ბილ სტოუნი. ამ კაცმა სიჯიუტის ფასი იცის: მისი 30 წლის SS&C, რომელიც უინძორშია (კონექტიკუტი) დაფუძნებული და ფინანსური მენეჯმენტის პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს, 15 წლის წინ ლამის დაიღუპა, მაგრამ მკვდრეთით აღდგომის პროცესი უდავოდ შთამბეჭდავად მიმდინარეობს. აქციების ფასი ახლა თითქმის ყველა დროის საუკეთესო ნიშნულზეა (რაც თითქმის $700 მილიონის ტოლფასი რეკორდული შემოსავლის დამსახურებაა), ხოლო 60 წლის სტოუნის ქონება $1.1 მილიარდს შეადგენს, რაც, ძირითადად, მისი 20%-იანი წილის შედეგია SS&C-ში. “გამდიდრების ჟინი მქონდა”, – ამბობს ის.

SS&C 1986 წელს იმ $20,000-ით დააფუძნა, რომელიც KPMG-ში ბუღალტრად მუშაობისას დაეგროვებინა. ათი წლის თავზე კომპანია პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის ბაზარზე გაიყვანა. მან ათწლეულებით გაუსწრო წინ ფინანსური ტექნოლოგიების იმ ციებ-ცხელებას, დღეს რომ ასე სასტიკად დუღს. 1990-იანებში SS&C-ის პროგრამული უზრუნველყოფა მთავარ იარაღად იქცა აქტივების მენეჯერებისთვის, ბანკირებისა და სადაზღვევოთა წარმომადგენლებისთვის. ის მათ საშუალებას აძლევდა, ელექტრონულად ემართათ შეკვეთები. 2000 წლისათვის სტოუნმა – ევანსვილის (ინდიანა) სკოლის ფეხბურთის გუნდის ყოფილმა კაპიტანმა – SS&C-ის წლიური გაყიდვები $60 მილიონზე აიყვანა.

მერე კი მორჩა კინო. დოტ-კომის ბუშტი გასკდა და ტექნოლოგიური კომპანიები დააზარალა, თვით ისეთი მოგებიანიც კი, როგორიც SS&C გახლდათ. “1999 წლის ივნისში 610 [თანამშრომელი] გვყავდა, 2011 წლის დეკემბრისთვის კი – 250”. მისი შემდეგი ნაბიჯი? – “ყველანი გამალებით ვლოცულობდით”. თუმცა უფრო მიწიერი ზომებიც მიიღო: თუ SS&C მანამდე მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა იყო, ახლა გააფართოვა, სერვისების შეთავაზება დაიწყო (როგორიცაა თავად მისი მონაცემთა ცენტრები და ისეთი პროგრამები, რომელთა რებრენდინგს სხვა კომპანიები ახდენდნენ, თავისად რომ წარმოეჩინათ) და რაღაც მომენტში, საჯარო ბაზრიდან კერძოს დაუბრუნდა, ხოლო 70% საჯარო წილი 2005 წელს თითქმის $1 მილიარდად Carlyle Group-ის შვილობილ კომპანიას მიჰყიდა. როცა შემოსავლები $300 მილიონს მიუახლოვდა, 2010 წელს სტოუნმა მომჯობინებული SS&C კვლავ საჯარო ბაზარზე გაიყვანა და მას მერე მისი აქციების ფასის გაოთხკეცების მოწმეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *