მოდის სახლ Chanel-ის მფლობელმა მილიარდერთა ოჯახმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დივიდენდის სახით $12.4 მილიარდის მოგება მიიღო. ვერტჰაიმერის ოჯახის კონგლომერატმა, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში – მას შემდეგ რაც Chanel-მა შემოსავლების გამოქვეყნება დაიწყო – მდიდრული ბრენდისგან ყველაზე დიდი, $5.7 მილიარდის დივიდენდი 2023 წელს მიიღო. 2022 წელს დივიდენდის მოცულობა $1.7 მილიარდს, ხოლო 2021 წელს – $5 მილიარდს შეადგენდა.
Chanel-იდან მიღებულმა დივიდენდებმა ოჯახის სიმდიდრე გასული წლის განმავლობაში 19%-ით გაზარდა. ვერტჰაიმერთა სიმდიდრე, 2021 წელს მიღებული დივიდენდის შემდეგ, საერთო ჯამში 26%-ითაა გაზრდილი. ამ ეტაპზე, Forbes-ის მონაცემებით, ოჯახი $108 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს. Chanel-ში თანაბარ წილებს ძმები, ალენ და ჟერარ ვერტჰაიმერები ფლობენ, რომელთაც ქონება მემკვიდრეობით აქვთ მიღებული.
ფრანგი ვერტჰაიმერები იმ მილიარდერთა შორის არიან, რომელთა ქონებაც ბოლო წლებში ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ შორისაა LVMH-ის დამფუძნებელი ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო, რომელიც Forbes-ის 2024 წლის რეიტინგით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დასახელდა.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ფუფუნების საგნებზე, მათ შორის ძვირად ღირებულ ჩანთებსა და ტანისამოსზე, მოთხოვნა მკვეთრად დავარდა. Chanel-ი იმ ბრენდებს შორისაა, რომელმაც ამ ვარდნას გაუძლო, შარშან კი კომპანიის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა და თითქმის $20 მილიარდს მიაღწია.
მიმდინარე კვირაში გაკეთებული განცხადებით, Chanel-ს მოდის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, 62 წლის ვირჟინი ვიარი ტოვებს. ვიარი ბრენდთან სამი ათწლეულის განმავლობაში თანამშრომლობდა, ხოლო 2019 წელს კარლ ლაგერფელდი ჩაანაცვლა.