ჩინური ფარმაცევტული კომპანია Covax-ს ვაქცინების ნახევარ მილიონ დოზას მიაწოდებს

ჩინური ფარმაცევტული კომპანია Covax-ს ვაქცინების ნახევარ მილიონ დოზას მიაწოდებს

იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) განცხადებით, ჩინურ ფარმაცევტულ კომპანიასთან ორი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც Covax-ის პროგრამას „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ 550 მილიონი დოზით უზრუნველყოფს. ახალი ხელშეკრულება გულისხმობს Covax-ისთვის „სინოფარმის“ 170 მილიონი, ხოლო „სინოვაკის“ ვაქცინის 380 მილიონი დოზის მიწოდებას. შეთანხმების მიღწევა უკვე დაადასტურა „სინოვაკმაც“.

იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ Covid-19-ის ახალი, „დელტა“ სახეობა საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს მოსახლეობისთვის, ხელშეკრულება გულისხმობს შემდგომ პირობას: მოხალისეებისთვის Covax-ის პლატფორმის მეშვეობით სასწრაფო სახით იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინის 110 მილიონი დოზა.

მიუხედავად ამისა, იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალურ ალიანსს ჯერჯერობით არ დაუზუსტებია იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც Covax-ის პლატფორმით „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებს მიიღებენ. მიწოდება კი შესაძლოა საკმაოდ სწრაფად დაიწყოს, რადგან ორივე ვაქცინა უკვე დაემატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი მოხმარების სიაში.

Covax-ი არის პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს ამარაგებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით. მიუხედავად იმისა, რომ, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, Covax-ს ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს ინდოეთში კოვიდვაქცინების ექსპორტი, 2022 წლის დასაწყისისთვის 2 მილიონამდე დოზის მიწოდება იგეგმება. „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები უკვე პროგრამაშია და დანარჩენ ცხრა ვაქცინასთან ერთად მისი მიწოდებაც შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ „სინოვაკის“ ეფექტიანობა კორონავირუსის წინააღმდეგ 1 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა. „სინოვაკის“ ვაქცინა 51%-ით ეფექტიანია კორონავირუსის წინააღმდეგ, ხოლო რაც შეეხება „სინოფარმს“, ის 79%-ით ეფექტიანად იცავს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფს ვირუსისგან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *