მსოფლიოში უდიდესი ასტრონომიის მუზეუმი შანხაიში იხსნება

მსოფლიოში უდიდესი ასტრონომიის მუზეუმი შანხაიში იხსნება

მსოფლიოში უდიდესი ასტრონომიის მუზეუმი შანხაიში იხსნება. მისი ფორმა კოსმოსის რთულ, მრუდხაზოვან გეომეტრიას იმეორებს. საინტერესოა, რომ მუზეუმში არ გვხვდება სწორი ხაზები ან კუთხეები, ამასთან შენობის სტრუქტურა სამი  რკალისგან შედგება, რომლებიც ციური სხეულების ორბიტების ანალოგებს წარმოადგენს.

შანხაის ასტრონომიის მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში უდიდესია და  420 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმის ერთ-ერთ ფილიალს წარმოადგენს. მუზეუმის გახსნა პარასკევს არის დაგეგმილი. აქ განთავსდება გამოფენები, ობსერვატორია, პლანეტარიუმი და 78 ფუტი სიმაღლის (დაახლოებით 71 მეტრი) მზის ტელესკოპი. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი ამერიკული კომპანია Ennead Architects-ის  მიერ არის შექმნილი, რომელმაც 2014 წელს შენობის დიზაინის შესაქმნელად გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.

„ეს შენობა ასტრონომიით ინსპირირებული არქიტექტურის ნიმუშია. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ სამყაროში ყველაფერი მუდმივ მოძრაობაშია“, – განაცხადა მუზეუმის  მთავარმა დიზაინერმა ტომას ჯეი ვონგმა.

ვონგმა ასევე აღნიშნა, რომ მათზე დიდი გავლენა იქონია “„სამი სხეულის პრობლემამ“ (“three-body problem”). ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს სამი ციური სხეულის – პლანეტების, მთვარისა და  ვარსკვლავების – მოძრაობის გამოთვლა მათემატიკური გამოთვლების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაანგარიშება შეიძლება განხორციელდეს ორი ციური სხეულისათვის,  გამოთვლები ქაოსური და არაპროგნოზირებადი ხდება სამის შემთხვევაში. მიზეზი, რის გამოც ჩვენ „სამი სხეულის პრობლემა“ საინტერესოდ მიგვაჩნია, დაკავშირებულია ორბიტების კომპლექსურობასთან. სწორედ ეს იყო ჩვენი განზრახვის ნაწილი – ამ კომპლექსურობის გამოსახვა.

ვონგის დიზაინში კოსმოსი სამი რკალის ფორმაში გამოისახა. ფასეტი, სფერო და ამობრუნებული გუმბათი მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს გამოსახავენ. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია.

თავდაპირველად დამთვალიერებლები oculus–ს ხედავენ, რომელიც მუზეუმის მთავარი შესასვლელის თავზე იხსნება. ის საათის როლს ასრულებს და ქმნის მზის წრეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იატაკზე მოძრაობს.

ამის შემდეგ მოდის პლანეტარიუმის თეატრი, რომელიც სფეროშია ჩასმული და შენობის სახურავიდან ისე გამოდის, რომ მთვარის ამოსვლა მოგვაგონოს.

დაბოლოს, უზარმაზარი ამობრუნებული შუშის გუმბათი სახურავის წვერზე სტუმრებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ  ღამის ღია ცის ცქერით და სამყაროსთან ნამდვილი შეხვედრით ისიამოვნონ.

,,ჩვენ გვსურს, ადამიანებს დედამიწის განსაკუთრებული ბუნება ვაჩვენოთ, გვინდა შეიგრძნონ, რომ, ყველა სხვა ადგილისგან განსხვავებით, დედამიწა ერთადერთია სამყაროში, რომელიც სიცოცხლეს ,,მასპინძლობს“, – განაცხადა ვონგმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *