ბლოკჩეინ ანალიტიკური კომპანიის, Chainalysis-ის კვლევით, გასულ წელს კრიპტოსავაჭრო პლატფორმებზე განხორციელებული შვიდი დამოუკიდებელი შეტევის შედეგად, ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები მოიპარეს.
Chainalysis-ის ინფორმაციით, კორეელი კიბერკრიმინალებისათვის 2021 ერთ-ერთი ყველაზე „წარმატებული“ წელი გამოდგა. კიბერშეტევების ძირითადი სამიზნეები საინვესტიციო კომპანიები და ცენტრალიზებული გაცვლის პლატფორმები იყვნენ. თავად ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აღნიშნულ ინციდენტებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს.
კვლევის თანახმად, ჰაკერები უკვე არსებულ სხვადასხვაგვარ გზას იყენებდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. ფიშინგის, ვირუსებისა თუ კოდების გენერირების გზით ისინი დაცული საფულეებიდან კრიპტოვალუტებს ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტროლირებულ მისამართებზე რიცხავდნენ.
კრიპტოვალუტების ელექტრონული საფულეები გახლავთ პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლების ციფრული აქტივების შესანახად გამოიყენება. აღნიშნული საფულეები საკმაოდ კარგად არის დაცული, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ონლაინსამყაროში ფუნქციონირებენ, მათი დაჰაკვის შესაძლებლობა მაინც არსებობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მფლობელი თაღლითური სქემის მსხვერპლი ხდება.
Chainalysis-ის კვლევის თანახმად, კიბერთავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება Lazarus-ია, რომლისთვისაც შეერთებული შტატების მთავრობას სანქციები აქვს დაწესებული. არსებული სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად, კიბერდაჯგუფებას ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო ბიურო აკონტროლებს.
დაჯგუფება ასევე “WannaCry”-კიბერთავდასხმაშია დადანაშაულებული, რომლის შედეგადაც საერთაშორისო ბანკებისა და მომხმარებელთა ანგარიშები დაიჰაკა.