სააუქციონო სახლი Sotheby’s-ი IPO-სთვის ემზადება

სააუქციონო სახლი Sotheby’s-ი IPO-სთვის ემზადება

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სააუქციონო სახლი Sotheby’s-ი ამერიკულ საფონდო ბირჟაზე საკუთარი აქციების განთავსებას გეგმავს, რისთვისაც Goldman Sachs-თან და Morgan Stanley-სთან აპირებს თანამშრომლობას. სააუქციონო სახლის IPO, რომლის შედეგად Sotheby’s-ი $5-მილიარდიან შეფასებას ელის, 2022 წლის ბოლომდე არის მოსალოდნელი – აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის კომპანიის ვალდებულებები.

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი, რომელსაც ფრანგი მილიარდერი, პატრიკ დრაჰი ფლობს, ხელოვნების ნიმუშებით, საკოლექციო ნივთებითა და უძრავი ქონებით მოვაჭრე მსოფლიოს ორი წამყვანი სააუქციონო სახლიდან ერთ-ერთია – მისი მუდმივი კონკურენტი სხვა ფრანგი მილიარდერის, ფრანსუა პინოს მფლობელობაში არსებული Christie’s-ია. აღსანიშნავია, რომ გასული წელი Sotheby’s-ისთვის განსაკუთრებულად სახარბიელო აღმოჩნდა – კომპანიამ $7 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელი გაყიდა.

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი პატრიკ დრაჰიმ 2019 წელს,  $3.7 მილიარდად იყიდა – გარიგების შედეგად, კომპანია, რომელიც საჯაროდ ივაჭრებოდა საფონდო ბირჟიდან გავიდა. მას მერე კომპანია ვაჭრობის ტრადიციული სექტორების მიღმა გავიდა და ძვირად ღირებული სპორტული ფეხსაცმლისა და NFT-ების გაყიდვა დაიწყო: გასულ წელს, Sotheby’s-ის აუქციონზე რეპერ კანიე უესტის სპორტული ფეხსაცმელი  – Nike Air Yeezy 1 – $1.8 მილიონად, ხოლო ხელოვან Pak-ის NFT-ი $16.8 მილიონად გაიყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.