CyberHouse - ინფორმაციული უსაფრთხოების გარანტი

CyberHouse - ინფორმაციული უსაფრთხოების გარანტი

კიბერსივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სირთულეებს საზღვარი არა აქვს. ბოლო დროის მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, კვირა არ გავა, რომ რომელიმე მსხვილი კომპანია კიბერშეტევის მსხვერპლი არ გახდეს და მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. გასაჯაროებულ მონაცემთა რაოდენობა კი უფრო და უფრო იზრდება და ახალ რეკორდებს ამყარებს. რა უნდა ქნას ასეთ ეპოქაში კომპანიამ, რომლისთვის კიბერუსაფრთხოება რაღაც აბსტრაქტული ცნება არ არის და პრაქტიკულად სურს დაიცვას როგორც საკუთარი, ისე კლიენტების კონფიდენციალური და პერსონალური მონაცემები? პასუხი მარტივია – CyberHouse-ი. ეს არის ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანია, რომელიც ორიენტირებულია თითოეული კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, ექსკლუზიური სერვისების მოწოდებაზე. CyberHouse-ის  დამფუძნებლებმა-, მიხეილ ბასილაიამ, დავით აღნიაშვილმა და გიგი გურიელიძემ,  2012 წელს, ესტონეთში, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე გაიცნეს ერთმანეთი და კომპანიის დაარსების იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა. ხოლო ოფიციალურად CyberHouse-ი  2015 წელს დაფუძნდა.

“ჩვენი სურვილია მაღალი დონის, მაგრამ ამავე დროს ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზება ქართულ ბაზარზე. CyberHouse-ის კლიენტები და პოტენციური მომხმარებლები  სახელმწიფო სტრუქტურები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, დიდი და საშუალო ორგანიზაციები არიან.”, – აღნიშნავს ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით აღნიაშვილი.

კომპანია CyberHouse-ი პოტენციურ კლიენტებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს: კონსალტინგს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში; IT & ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს; ტრენინგებს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში; შეღწევადობის ტესტს; ინფორმაციული უსაფრთხოების  აუტსორსინგს;  ვებგვერდების უსაფრთხოებას; ინფრასტრუქტურის სკანირებას.

 “ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა უსაფრთხოებისა და შიდა აუდიტის აუტსორსინგი. ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების, მზარდი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, ორგანიზაციებში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა აუცილებელი ხდება. ხოლო უსაფრთხოების სფეროში კადრების ნაკლებობის გამო, უსაფრთხოება უფრო და უფრო ძვირდება. ამ შემთხვევაში გამოსავალი სწორედ აუტსორსინგია, როდესაც ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის ან აუდიტორის  როლს ვითავსებთ ან ორგანიზაციის ოფიცერს ვეხმარებით სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში. უკვე გვყავს რამდენიმე  მსხვილი კლიენტი ამ მიმართულებით.”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მიხეილ ბასილაია და აქვე დასძენს: “ჩვენი კომპანია ატარებს ე.წ  “სოციალური ინჟინერიის” სიმულაციას, რაც ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. რეალურად ამით ორგანიზაციებს ვაჩვენებთ, რამდენი თანამშრომელი შეიძლება წამოეგოს ამა თუ იმ კიბერშეტევის მცდელობას.”.

ინფორმაციული უსაფრთხოების აუტსორსინგის სერვისი ევროპის ქვეყნებში და მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც  ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან და გაყიდვად მომსახურებად ითვლება.

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით აუტსორსინგს არც-ერთი კომპანია არ სთავაზობს მომხმარებლებს, ეს ჩვენთვის განსხვავებული პროდუქტია და საკმაოდ წარმატებული მოდელი, რომლითაც ჩვენი გუნდი შემკვეთს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ  დახმარებას გაუწევს. გუნდი, რომელიც შვიდი, სხვადასხვა  მიმართულებით კვალიფიციური  ადამიანისგან შედგება.  ძირითადი წევრების გარდა, გვყავს გამოცდილი უცხოელი ფრილანსერები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პროექტში ერთვებიან.”,- აღნიშნავს დავით აღნიაშვილი.

CyberHouse-ის უპირატესობა ქართულ ბაზარზე ადამიანური რესურსი და გამოცდილებაა,  რაც გამტკიცებულია სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატით: Certified Ethical Hacker, Certified Information Security Manager, ISO 27001 Lead Implementer, ISO 22301 Lead Implementer, Cobit 5, Certified Information Systems Auditor, Certified Information Systems Security Professional, Offensive Security Certified Professional.

გამოწვევად რჩება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული შეხედულებები. “ინფორმაციული უსაფრთხოება დაკავშირებულია არა მხოლოდ ფინანსურ რისკებთან, არამედ რეპუტაციულ რისკებთანაც. ყველას აქვს განცდა, რომ მისი ორგანიზაცია არასოდეს გახდება კიბერშეტევის მსხვერპლი. სინამდვილეში ეს, უბრალოდ, დროის საკითხია და სასწორის მეორე მხარეს, უმეტესწილად, ორგანიზაციის ყოფნა-არყოფნა დგას, პოსტფაქტუმ, მოქმედებები დაგვიანებული ან ძალზე ძვირია.”,- აღნიშნავს დავით აღნიაშვილი.

CyberHouse-ი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც თავისი სერვისის გატანას ერთ-ორ წელიწადში მეზობელ ქვეყნებშიც გეგმავს, რადგან ამ მიმართულებით სერვისების დეფიციტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *