DataNinja - ციფრული რეკლამის მართვის ინსტრუმენტები ერთ სივრცეში | ინტერვიუ პლატფორმის დამფუძნებელთან

DataNinja - ციფრული რეკლამის მართვის ინსტრუმენტები ერთ სივრცეში | ინტერვიუ პლატფორმის დამფუძნებელთან

ქართული სტარტაპი DataNinja მალე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს პლატფორმას შესთავაზებს, რომელიც რეკლამის მართვის ინსტრუმენტებს აერთიანებს. მიზანი ციფრული მარკეტინგის ავტომატიზაციაა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დროის დაზოგვასა და ფინანსური ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. შედეგად, კომპანიებს აღნიშნული რესურსის სხვა დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში DataNinja საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა და 100.000 ლარი მოიპოვა. იმის შესახებ, თუ რას მოხმარდა აღნიშნული თანხა, ასევე პლატფორმის უპირატესობებსა და სტარტაპის სამომავლო გეგმებზე DataNinja-ს დამფუძნებელი, გურამ თათეშვილი მოგვიყვება.

გურამ, პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ გაჩნდა DataNinja-ს შექმნის იდეა?

DataNinja-ს შექმნამდე საერთაშორისო ციფრული სარეკლამო სააგენტო დავაფუძნე, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში თითქმის 100 ფინანსურ კომპანიას ემსახურება. მათ შორისაა ბანკები, მიკროსაფინანსო, ფინტექ- და სადაზღვევო კომპანიები. ისინი მომსახურების საფასურს პერფორმანსის მიხედვით, ანუ მიღებული შედეგიდან გამომდინარე გვიხდიან. ამიტომ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო შედეგზე ორიენტირებული, სიღრმისეული ანალიტიკის საფუძველზე გაშვებული რეკლამა. ძალიან რთულია მაღალეფექტური რეკლამის შექმნა და მისი მონიტორინგი, რათა არამოგებიან პროდუქტზე დიდი თანხები არ დაიხარჯოს. შესაბამისად, გვჭირდებოდა ან ბევრი თანამშრომელი, ეს ყველაფერი ხელით რომ გაკეთებულიყო, ან სისტემის შექმნა, რომელიც სხვადასხვა სარეკლამო ქსელიდან აიღებდა მონაცემებს, გააერთიანებდა მათ და რეალურ დროში მოგვცემდა ანალიზისა თუ გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას.

მას შემდეგ, რაც ჩვენი სააგენტოსთვის DataNinja შევქმენით, მან არნახული წარმატება მოგვიტანა. პარტნიორი და კონკურენტი კომპანიები მუდმივად ინტერესდებოდნენ, როგორ ვაღწევდით სასურველ შედეგს, რადგან მათ ისეთივე პრობლემები ჰქონდათ, როგორიც ჩვენ ამ სისტემის აწყობამდე. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა DataNinja როგორც SAAS მოდელი და არა მარტო ჩვენ გვქონოდა ამ უკანასკნელის გამოყენების შესაძლებლობა, არამედ მისი უპირატესობებით სხვა დაინტერესებულ კომპანიებსაც ესარგებლათ.

კონკრეტულად რას სთავაზობს პლატფორმა მომხმარებლებს? როგორია მისი მუშაობის პრინციპი?

DataNinja Marketing Automation Platform – ეს არის პლატფორმა, რომელიც  კომპანიებს ციფრული მარკეტინგის ავტომატიზაციასა და სწრაფ ზრდაში ეხმარება. ჩვენ მათ ხარჯების საშუალოდ 30%-მდე შემცირებასა და გაყიდვების 25%-მდე ზრდას ვთავაზობთ.

DataNinja-ს გუნდის ხედვაა, რეკლამის შედეგიანობა დამოკიდებული იყოს პროდუქტსა და კრეატიულ მესიჯზე, იმის გაუთვალისწინებლად, იცით თუ არა ციფრული მარკეტინგის ტექნიკური დეტალები.

ჩვენი კვლევით და გამოცდილებით მცირე და საშუალო ბიზნესი ამერიკულ, ევროპულ და მათ შორის ქართულ ბაზარზე ძირითადად 5 პრობლემის წინაშე დგას:

  1. რეკლამის გაშვება რამდენიმე ქსელში ეფექტური კონფიგურაციით
  2. გაშვებული რეკლამის ზუსტი მონაცემების მონიტორინგი რეალურ დროში
  3. CRM-ის გამოყენება და მიბმა რეკლამებთან
  4. ვებგვერდის/ლენდინგ გვერდის შექმნა და მიბმა რეკლამებთან
  5. Email-ისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მენეჯმენტი და მიბმა რეკლამებთან.

აღნიშნული კომპონენტების ინტეგრაცია ცოდნისა და ტექნოლოგიური სირთულის გამო საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ კომპანიები ამას ვერ ან ძალიან დაბალ დონეზე აკეთებენ. ჩვენი მიზანია, ისინი ერთ სივრცეში მოვაქციოთ. ასე მათი ინტეგრაცია მარტივი თუ რთული ტექნოლოგიური ჩარევების გარეშე იქნება შესაძლებელი.

ამას გარდა, ხშირად მომხმარებლები სხვადასხვა ქსელის მონაცემების ერთ სივრცეში დანახვის შესაძლებლობას ითხოვენ, რისი საშუალებაც ჩვენთან მარტივად ექნებათ.

პლატფორმის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს ბევრ პრობლემას მოვუგვარებთ. ასე მათ საშუალებას მივცემთ, საკუთარი პროდუქტის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე იზრუნონ და თავი აარიდონ ტექნოლოგიურ ხაფანგს.

ამ დროისთვის რა ეტაპზე ხართ? ჰყავს თუ არა პლატფორმას მომხმარებლები?

ამჟამად პლატფორმის ბეტა-ვერსიაზე ვმუშაობთ, აქედან გამომდინარე ჯერჯერობით აქტიური მომხმარებლები არ გვყავს. გვაქვს რამდენიმე პრეორდერი, ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანიებთან, რომლებსაც ჩვენი სისტემის სატესტო ვარიანტის გამოყენება სურთ. აღსანიშნავია, რომ ბეტა-ვერსიაში ძირითადი ფუნდამენტური ფუნქციების დიდი ნაწილი იქნება თავმოყრილი. მათ შორის კომპანიებს შევთავაზებთ ჩვენ მიერ მოფიქრებულ უნიკალურ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს „გუგლსა“ და „ფეისბუკში“ რეკლამის ერთდროულად შექმნის შესაძლებლობას მისცემს. სამომავლოდ მათ სხვა ქსელებიც დაემატება.

როდის გეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და რომელი ქვეყნებისთვის აპირებთ პროდუქტის შეთავაზებას?

მოცემული დროისთვის ამერიკულ ბაზარზე შესვლის გეგმას ვამუშავებთ. აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ ამერიკელ ინვესტორებთან, განვიხილავთ გზებს, ასევე ორგანიზაციის იურიდიულ სტრუქტურას, რათა გაშვებისას ეს ნაწილიც მზად იყოს. პრეორდერები მიღებული გვაქვს რუმინული და სხვა ევროპული კომპანიებისგან. ამას გარდა,  მოთხოვნა არის ლატვიიდან. აღსანიშნავია, რომ პლატფორმით ერთ-ერთი ქართული ბანკიც დაინტერესდა.

გასულ წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 100.000-ლარიანი გრანტი მოიპოვეთ. რაში გამოიყენეთ აღნიშნული თანხა?

GITA-ს საგრანტო პროგრამაში გამარჯვების შედეგად მოპოვებული თანხა სრულად ავითვისეთ და დეველოპმენტს მოვახმარეთ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი, რადგან მსგავსი პლატფორმის შექმნა მარტივი არ არის და საკმაოდ ძვირი ჯდება. ამჟამად დამატებითი სახსრების მოძიებაზე ვფიქრობთ, რათა დეველოპმენტი კიდევ უფრო ავაჩქაროთ.

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

საწყის ეტაპზე პროდუქტისა და ტექნიკური ნაწილის შემდეგი ერთი წლის სრული RoadMap-ის მომზადებას ვისახავთ მიზნად, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ. ასევე ბეტა-ვერსიის გაშვებასა და სისტემაში პირველი კლიენტების ჩართვას ვგეგმავთ, რაც წელს აუცილებლად მოესწრება. შემდგომი ეტაპები კი პროდუქტის სრული ვერსიის გაშვება და ინვესტიციების მოზიდვა იქნება, რათა ამერიკულ ბაზარზე უკვე აქტიურად შევიდეთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, მოლაპარაკებებს ვმართავთ ინვესტორებთან, რისი მიზანიც არა უბრალოდ ინვესტიციის, არამედ Smart Money-ს მოძიებაა. ეს გეგმების განხორციელებასა და დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.