ფოტო: AFP
გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარტინ იეგერის განცხადებით, გერმანიას რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე ემუქრება, რადგან მოსკოვი სულ უფრო აძლიერებს აგრესიულ „ჩრდილოვან ომს“ ევროპული დემოკრატიების წინააღმდეგ.
„რუსეთთან დაპირისპირებამ ახალი, უფრო სახიფათო ხასიათი მიიღო“ – განაცხადა მარტინ იეგერმა, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა, პარლამენტში გამართულ დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ საჯარო მოსმენაზე.
მარტინ იეგერმა განმარტა, რომ ლაიფციგში განხორციელებული თავდასხმის მცდელობა ამის მხოლოდ ერთი მაგალითია და გერმანიაში არსებულ სამიზნეებზე თავდასხმის საფრთხე „რეალური და გარდაუვალია“.
გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ გააფრთხილა საზოგადოება, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ კამპანიას, რომელიც დრონებითა და კიბერსივრცეში განხორციელებულ თავდასხმებს მოიცავს. მთავრობამ აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაშიც სწორედ რუსეთი დაადანაშაულა.
საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს „არავისზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. თუმცა თუ აგრესიის მსხვერპლნი გავხდებით, სხვა გზა არ გვექნება, გარდა საპასუხო ქმედებისა“.
მიუხედავად ამისა, იეგერმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა მიზნების მისაღწევად ძალა გამოიყენოს და რომ რუსული სადაზვერვო სამსახურების ოპერაციები გერმანიაში და მის წინააღმდეგ „სულ უფრო აგრესიული ხდება“.
„რუსეთი ჩვენს სიმტკიცეს ამოწმებს და ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ ვუმკლავდებით ამ სიტუაციას. კრემლის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით, ყოყმანის ნებისმიერი ნიშანი მათ უბიძგებს, კიდევ უფრო გაზარდონ ზეწოლა გერმანიაზე“ – აღნიშნა BND-ის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, გერმანია უნდა მოემზადოს ჩარევისა და დაშინების მცდელობების გაზრდისთვის, მათ შორის ბირთვული თავდასხმის მუქარისთვის.














