დემოკრატები საპრეზიდენტო კანდიდატად ბაიდენის ნაცვლად კამალა ჰარისს განიხილავენ

დემოკრატები საპრეზიდენტო კანდიდატად ბაიდენის ნაცვლად კამალა ჰარისს განიხილავენ

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის დასახელების შანსი განსაკუთრებით გაიზარდა. დემოკრატი პოლიტიკოსები ჯო ბაიდენის კანდიდატურის ჩანაცვლებას განიხილავენ. ამერიკული კვლევების თანახმად კი, ტრამპის წინააღმდეგ ყველაზე დიდი პოპულარობით კამალა ჰარისი სარგებლობს. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას განვითარებული მოვლენების გამო თავად ჯო ბაიდენიც განიხილავს.

კამალა ჰარისის კანდიდატურას ჯო ბაიდენზე დიდი რეიტინგი განსაკუთრებით ამერიკის ფერადკანიან და ლათინური წარმოშობის მოსახლეობაში აქვს. ამ უკანასკნელი ორი უმსხვილესი დემოგრაფიული ჯგუფის მხარდაჭერა ბაიდენმა 2020 წლის კამპანიის შემდეგ თითქმის სრულად დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ კამალა ჰარისის მხარდაჭერის რეიტინგი სხვადასხვა კვლევის თანახმად საშუალოდ 37%-ს შეადგენს, დემოკრატი პოლიტიკოსები აღნიშნულს ბაიდენის რეიტინგის რეფლექსიად მიიჩნევენ. მეტიც, თავად ჯო ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგიც თითქმის მსგავსია.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენს რამდენიმე დღის წინ კოვიდი დაუდასტურდა, რის გამოც მან საპრეზიდენტო კამპანია დროებით შეაჩერა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ იზოლაციის პერიოდს მოქმედი პრეზიდენტი საკუთარი კანდიდატურის დატოვების მიზანშეწონილობის შესაფასებლად გამოიყენებს. დიდი ალბათობით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საბოლოოდ გახდება ცნობილი, თუ რომელი ორი კანდიდატი ჩაუდგება სათავეში საპრეზიდენტო რბოლას.