დღეს, 2 თებერვალს, ჩვენს პლანეტას გვერდით „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი ჩაუვლის. NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის თანახმად, ამერიკული ფეხბურთის სტადიონის ზომის ობიექტი დედამიწას 2.73 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე (მთვარეზე 7-ჯერ შორს) მოუახლოვდება.
ასტეროიდი, სახელწოდებით Asteroid 2008 OS7, მზის გარშემო შემოვლას 962 დღეს ანდომებს. ობიექტი ჩვენი ვარსკვლავის გარშემო მომდევნო ბრუნს 2026 წლისთვის შეასრულებს. თუმცა ის დედამიწას 2037 წლამდე აღარ მოუახლოვდება და მაშინაც პლანეტას დაახლოებით 16 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე ჩაუვლის.
ცნობისთვის, NASA ასტეროიდებს, რომლებიც დედამიწას 7.4 მილიონ კილომეტრზე მოკლე მანძილზე უახლოვდებიან, „პოტენციურად საშიშს“ უწოდებს. ამ კატეგორიაში მოსახვედრად კიდევ ერთი პარამეტრი ობიექტის ზომაა, რომელიც 150 მეტრს უნდა აჭარბებდეს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მსგავს ასტეროიდებს აქტიურად აკვირდება და მათგან მომავალ პოტენციურ საფრთხეებს იკვლევს.
სავარაუდოდ, Asteroid 2008 OS7 დედამიწას თბილისის დროით 18:41 საათზე ჩაუვლის. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იქნება. თუმცა NASA ვირტუალური ტრეკერის დახმარებით რეალურ დროში გთავაზობთ ინფორმაციას, თუ სად მოძრაობენ ჩვენი მზის სისტემის ასტეროიდები – Virtual Telescope Project-ი მოვლენას ლაივ-სტრიმის საშუალებით გადასცემს.