Digital Revolution Award-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი მარკეტინგის სპეციალისტი ვლადიმერ ბოცვაძეცაა

Digital Revolution Award-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი მარკეტინგის სპეციალისტი ვლადიმერ ბოცვაძეცაა

სპიკერი და სოციალური მედიის ექსპერტი მარკეტინგის მიმართულებით, ვლადიმერ ბოცვაძე ციფრული რევოლუციის დაჯილდოების ცერემონიალზე (Digital Revolution Award) 10-კაციანი ჟიურის ერთ-ერთ წევრად შეარჩიეს. დაჯილდოების ღონისძიება მომავალი წლის თებერვალში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. თუმცა, ამჯერად მისი ჩატარება ვირტუალურად იგეგმება.

ღონისძიების ფარგლებში აჯილდოებენ საუკეთესო ბრენდებს და პროფესიონალებს, რომლებიც ე.წ ღრუბლოვანი ტექნოლოგიის ეკოსისტემაში მუშაობენ. ჯილდოებზე, რომელიც 11 კატეგორიაში გაიცემა, ნომინაციების წარდგენა გუშინ, 30 სექტემბერს დასრულდა. კატეგორიებს შორის კი არის „წლის ტექ-ვარსკვლავი“, „სწრაფი ბიზნეს ინოვაციების ჩემპიონი“, „წლის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი“, „წლის ქლაუდ-ტექნოლოგიების დამსაქმებელი“, „მაიკროსოფტის ეკოსისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ და სხვა.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა გამოვარჩიოთ ის პირები, რომლებიც ინსპირაციას აძლევენ დანარჩენ მსოფლიოს, რათა მიაღწიონ მეტს. პანდემიის შემდეგ, მოგეხსენებათ, სერვისების აქტიური გაციფრულების პროცესი მიმდინარეობს. გააქტიურდა ასევე სოციალური ქსელების პროფესიული განვითარების პროცესიც. ბევრმა ბრენდმა დაიწყო პოდკასტების ჩაწერა, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას და ასე ვითარდებიან სტარტაპები და ბრენდები. ცოდნის გაზიარება წარმატების ერთ-ერთი გასაღებია“, – ამბობს ვლადიმერ ბოცვაძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

ბოცვაძე, რომელიც 2020 წელს, Thinkers360-ის მიერ მსოფლიო ტოპ-50 მარკეტინგის საუკეთესო ლიდერებს შორის მოხვდა, მიიჩნევს, რომ სოციალური მედიის პროფესიული კუთხით ათვისება სტარტაპებისა და მომავალზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია. „დღეს მსოფლიოში ცხოვრობს 7.8 მლრდ ადამიანი, მათგან დაახლოებით 5.2 მლრდ ადამიანი იყენებს მობილურს. ეს ნიშნავს რომ მობილურ სამყაროში ვართ. 4.8 მლრდ ინტერნეტის და 4.5 მლრდ ადამიანი სოციალური მედიის მომხმარებელია. ერთ წელიწადში სოცმედიის მოხმარება 13%-ით გაიზარდა. დღეს უკვე ციფრულ ეკონომიკაში ვცხოვრობთ, სადაც შენი CV არის ის, რაც შენზე Google-ში იძებნება. ილონ მასკი დიპლომებს და CV-ებს აღარ ნახულობს, ის დაგუგლავს ადამიანს და ასე იყვანს თანამშრომლებს“, – ამბობს ვლადიმერ ბოცვაძე.

მისი თქმით, სოციალური მედიის მოხმარების ზრდამ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ინფლუენსერი და ანტრეპრენერი წარმოშვა. ბოცვაძე, რომელიც აქტიურია ათამდე სოცმედიაში, განსაკუთრებით „ტვიტერს“ გამოყოფს,  სადაც მისი თქმით, ტექ-ლიდერები იკრიბებიან.

„გული მწყდება რომ „ტვიტერს“ საქართველოში არ ექცევა ყურადღება და მხოლოდ 68,000 მომხმარებელი ჰყავს, როდესაც „ფეისბუქს“ 2.8 მლნ, „ინსტაგრამს“ – 1.2 მლნ მომხმარებელი ჰყავს. საქართველოში რომ „ტვიტერის“ მოხმარება ისეთი აქტიური იყოს, როგორც „ინსტაგრამის“ მოხმარებაა, ქვეყანა მნიშვნელოვანი ინვესტორების მოზიდვას შეძლებდა. „ტვიტერზე“ არავინ არ ტვიტავს ჩვენს სტარტაპებზე, ტურიზმზე და ა.შ. ამ მხრივ გააქტიურება გვჭირდება“, – ამბობს ის.

ვლადიმერ ბოცვაძე კონსულტაციას უწევს და გამოცდილებას უზიარებს ტექნოლოგიების სფეროში კომპანიებს. როგორც ის აღნიშნავს, მისი მთავარი რეკომენდაცია სოციალური მედიისთვის კონტექსტუალური კონტენტის შექმნა და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებაა, რაც ბრენდის ცნობადობას ზრდის და კომპანიას, სტარტაპს ზრდაში ეხმარება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *