Disney: 2021 წლის დარჩენილი ფილმების პრემიერა ექსკლუზიურად კინოთეატრებში გაიმართება

Disney: 2021 წლის დარჩენილი ფილმების პრემიერა ექსკლუზიურად კინოთეატრებში გაიმართება

„დისნეის“ განცხადებით, 2021 წელს დარჩენილი ფილმების პრემიერა,  ნაცვლად პლატფორმაზე Disney+ ჩვენებისა, ექსკლუზიურად კინოთეატრებში გაიმართება. კომპანიის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტის შემთხვევების კლების ფონზე, მაყურებლების კინოთეატრებში დაბრუნებისადმი ოპტიმიზმს უკავშირდება.

„დისნეის“ მედიისა და გასართობი კონტენტის თავმჯდომარის, კარიმ დანიელის განცხადებით, კინოთეატრებში მაყურებლის დაბრუნების ალბათობა  ნელ-ნელა უფრო იზრდება. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით განაწყენებული Disney+-ის გამომწერთათვის კომპანია გარკვეული საჩუქრის გაკეთებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ Disney-ს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის ბოლომდე რამდენიმე ფილმის  პრემიერა გაიმართება. მათი ინფორმაციით, ფილმებს კინოთეატრებში 45 დღის განმავლობაში აჩვენებენ. 5 ნოემბერს მარველის ფილმის, “Eternals”-ის პრემიერაა დაგეგმილი, 10 დეკემბერს კი „West Side Story”-ის. გარდა ამისა, კინოთეატრებში მისულ მაყურებელს ისეთი ფილმების ნახვა შეეძლება, როგორიცაა: “The Last Duel”, “Ron’s Gone Wrong”, და “The King’s Man”.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო კინოთეატრებმა მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს. სანაცვლოდ კი კინომწარმოებელმა კომპანიებმა ახალ გზას მიაგნეს ცნობილ სტრიმინგ პლატფორმებზე ახალი ფილმების ტრანსლირების სახით. ამან კი, თავის მხრივ, ამგვარი სერვისების გამომწერთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა.

ორი კვირის წინ კინოთეატრში მარველის ახალი ფილმის, Shang-Chi-ს, პრემიერა შედგა. აღნიშნული ფილმი მარველის პირველი ნაწარმია, რომელშიც მთავარი გმირი აზიელია. ორი კვირის განმავლობაში ფილმმა შემოსავლის სახით 247.6 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.