დიზაინის სტუდია NENDO MAISON & OBJET-ის გამოფენაზე

დიზაინის სტუდია NENDO MAISON & OBJET-ის გამოფენაზე

გასულ თვეს, როდესაც სინათლის ქალაქად წოდებული პარიზი მოდის კვირეულმა და Maison & Objet-ის გამოფენამ მოიცვა თავისი გლამურული წვეულებებით, ფეიერვერკებითა და ქუჩის თამამი გაფორმებით, ერთმა კომპანიამ მთელი სოციალური მედიის ყურადღების მიპყრობა მოახერხა, ისე როგორც ვერც ერთმა სხვა კომპანიამ. კარგი, ვაღიარებ, Chanel-მაც არაჩვეულებრივად წარმოაჩინა თავი. მაგრამ თუ თქვენ დიზაინის მიმართ გულგრილი არ ხართ, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის იანვარში პარიზში გამართული Maison & Objet-ის გამარჯვებული იაპონური დიზაინის ჯგუფი Nendo გახდა.

2015 წელს Maison & Objet-ის მიერ წლის საუკეთესო დიზაინერად დასახელების აღსანიშნავად, Nendo-მ შექმნა ე.წ. Chocolatexture lounge – შოკოლადის ლაუნჯი, სადაც შეზღუდული დროით გასაყიდად გამოფენილია 400-მდე შოკოლადის კომპლექტი სხვადასხვა გემოვნების დასაკმაყოფილებლად. Nendo-მ ასევე წარმოადგინა ავეჯი, რომელიც სპეციალურად იქნა შერჩეული მისი “რბილი და დნადი” თვისებების გამო. აღნიშნული ავეჯის დიზაინი Nendo-მ წარსულში ისეთი ცნობილი მწარმოებლებისათვის შექმნა, როგორებიც არიან: Cappellini, Desalto, Glas Italia, Emeco, Offect-ი და Moroso.

ნიმუშები საგანგებოდ იყო დამზადებული ისე, რომ შოკოლადს მოგაგონებდათ და ამ ყველაფერს აგვირგვინებდა “შოკოლადის ლაუნჯს” გარშემორტყმული 2,000 ცალი 8მმ სისქის ალუმინის შოკოლადისფრად შეღებილი მილების “ტყე” (რაც ძალზე წააგავდა გიგანტურ შოკოლადის ხრამუნა ჩხირებს). ეს ყველაფერი ისეთ შეგრძნებას ბადებდა, თითქოს უზარმაზარი შოკოლადის ტალღით იყავით გარშემორტყმული. Nendo-მ დიზაინის ინტერიერის სექციაში ენდორფინის მოზღვავების შეგრძნება შექმნა.

რაც შეეხება თავად შოკოლადს, რეცეპტებში ჩაღრმავების ნაცვლად, Nendo-მ გადაწყვიტა შეისწავლოს, თუ როგორ შეუძლია ფორმასა და ტექსტურას შეცვალოს თავად შოკოლადის გემო. ეს კი ყველაზე სახალისო ნაწილია, რადგან Nendo-ს მშობლიურ იაპონურ ენაზე სხვადასხვა ტექსტურის გამომხატველი თავად სიტყვებიც კი მადისაღმძვრელია. მაგალითად, პერფორირებული შოკოლადის ფილის რბილი, მსუბუქი და ფუმფულა ტექსტურა იაპონურ ენაზე სიტყვა “ფუვა-ფუვათი” გამოიხატება. წაწვეტებული ბოლოების მქონე შოკოლადის ნატეხს სიტყვა “ტოგე-ტოგე” გამოხატავს, შოკოლადის გრანულებიან ფილას – “ზარა-ზარა”, ხოლო გლუვი მოყვანილობის ფილას – იაპონური სიტყვა “სუბე-სუბე”. ჩასწვდით იდეას? ერთი და იმავე ზომის 26 მმ-იანი კუბისაგან დამზადებული შოკოლადის ცხრა სხვადასხვა დიზაინი. მიუხედავად იმისა, რომ ცხრავე დიზაინი ერთი ნედლეულით არის შექმნილი, მათი განსხვავებული ტექსტურა ყოველ მათგანს განუმეორებელ გემოს ანიჭებს.

ქალაქის მეორე ბოლოში Cappellini-ს Saint Germain-ის საგამოფენო დარბაზში Nendo-ს კიდევ ერთი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა. ამჟამად ზეიმის მიზეზი Cappellini-სა და Nendo-ს შორის ათწლიანი თანამშრომლობა გახლდათ. ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯულიო კაპელინიმ 2004 წელს პირველად აღმოაჩინა ოკი სატო მილანის Salone Sattelite-ში. თუკი “შოკოლადის ლაუნჯი” მთლიანად კაკაოს ფერადოვან სპექტრში იყო შექმნილი, Cappellini-ს საგამოფენო დარბაზი მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ფორმებით გადმოსცემდა Cappellini-სა და Nendo-ს შორის თანამშრომლობის ისტორიას წარსულიდან მოყოლებული დღევანდლამდე. Nendo-ს დიზაინი ყოველთვის გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით და გრავიტაციის უგულებელყოფით, და მან ამჯერადაც შეძლო თავისი უბერებელი მიმზიდველობის დამტკიცება, რომელიც ინტერიერის დიზაინის არსებულ ტენდენციებს ეწინააღმდეგება. თხელი შავი მაგიდა, სამზარეულოს კუთხის მაგიდა, გადმოსაწევი წიგნების თარო და რბილი ავეჯი – ეს ყველაფერი თავისი უკიდურესი მინიმალიზმითა და ელეგანტურობით ქმნის Nendo-ს სახეს.

Nendo-ს დამაარსებელი ოკი სატო ტორონტოს (კანადის) მკვიდრია. 2002 წელს ოკი სატომ დაამთავრა არქიტექტურის ფაკულტეტი ტოკიოს ვასედას უნივერსიტეტში და იმავე წელს თავის 15 თანაკურსელთან ერთად დააარსა Nendo, რაც იაპონურად “თიხას” (პლასტილინს) ნიშნავს. ოკი სატომ და მისმა კოლეგებმა ერთად შექმნეს თავიანთი დიზაინის ფილოსოფია. დღესდღეობით Nendo-ს ქმნილებები მთელი მსოფლიოს მუზეუმებსა და გალერეებშია გამოფენილი. 2014 წელს Nendo-მ შექმნა ე.წ. “ნავი”-ფეხსაცმლის კოლექცია კომპანია Tod-ის დაკვეთით და აგრეთვე ბროლის ჭადრაკის კომპლექტი, საოფისე ავეჯი და ინოვაციური ქოლგები კომპანია Baccarat-სთვის. ალბათ გაინტერესებთ, რაღა უნდა შექმნას Nendo-მ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ ამას აუცილებლად შეგატყობინებთ. მანამდეკი შოკოლადს ხომ არ ინებებთ?

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *