დმიტრი მურატოვმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ნობელის მედალი აუქციონზე გაყიდა

დმიტრი მურატოვმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ნობელის მედალი აუქციონზე გაყიდა

რუსმა ჟურნალისტმა და გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა ნობელის პრემიის ჯილდო, 23-კარატიანი ოქროს მედალი აუქციონზე 103.5 მილიონი აშშ დოლარად გაყიდა. მიღებული თანხით ის ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს დაეხმარება.

ჯილდო, რომელიც დმიტრი მურატოვს გასულ წელს მშვიდობის დარგში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის“ გადაეცა, გაეროს ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Heritage Auctions-ის ონლაინ პორტალზე გამართულ აუქციონზე გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძვირად ღირებული ნობელის მედალია, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.

ცნობისთვის, წინა რეკორდი მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მომუშავე მეცნიერის, ამერიკელი ჯეიმს უოტსონის ჯილდოს ეკუთვნის. მედალი, რომელიც ამ უკანასკნელს 1962 წელს, დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა, 2014 წელს გამართულ აუქციონზე 4.76 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

დმიტრი მურატოვი აუქციონის შედეგად მიღებულ თანხას გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოს, UNICEF-ს გადაურიცხავს, რომელიც მას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად გამოიყენებს.

ომის შედეგად დაზარალებული ქვეყნის დასახმარებლად ჯილდო ნობელის კიდევ ერთმა ლაურეატმა, დანიელმა მეცნიერმა ნილს ბორმა გაყიდა. მისი მიზანი ფინეთისთვის ფინანსური სახსრების მოზიდვა იყო, მას შემდეგ, რაც 1939 წელს სახელმწიფოში საბჭოთა კავშირი შეიჭრა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ნოვაია გაზეტას“ გამოცემა მარტში, კრემლის მხრიდან ზეწოლის გამო შეჩერდა – გაზეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მიუკერძოებლად აშუქებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *