ფოტო: Getty Images
მარეგულირებელი ორგანოებისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, 30 ივნისის მდგომარეობით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, ილონ მასკს SpaceX-ის აქციების 48.4% ეკუთვნოდა. აღნიშნული მდგომარეობით და საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ილონ მასკის SpaceX-ში წილი $900 მილიარდს აჭარბებს.
შეგახსენებთ, კოსმოსურმა კომპანიამ 12 ივნისს რეკორდული IPO განახორციელა. $85.7 მილიარდის აქციების ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონს გადააჭარბა. თუმცა საცალო და ინსტიტუციური ინვესტორების ენთუზიაზმის გაქრობის შემდეგ, მისი შეფასება შემცირდა. ამჟამად SpaceX-ის აქციის ფასი $137.5-ია.
მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, მასკი კომპანიის 6.42 მილიარდ აქციას ფლობს და მათზე ხმის ერთპიროვნული მიცემისა და განკარგვის უფლებამოსილებას ახორციელებს. ცნობისთვის, SpaceX-ის IPO-ს შემდეგ მას კომპანიის ხმის მიცემის უფლებების 82%-ზე მეტი ეკუთვნოდა, რაც კომპანიაზე მისი გავლენის მასშტაბებს უსვამს ხაზს.
ილონ მასკის წილი 849.5 მილიონ ერთეულ A კლასის აქციას მოიცავს, რომლებსაც ფლობენ ტრასტები, სადაც მასკი რწმუნებულია. მასკი ასევე ფლობს ამ ტრასტების მფლობელობაში არსებულ 3.92 მილიარდ ერთეულ B კლასის აქციას, მასკის მფლობელობაში არსებულ 1.30 მილიარდ ერთეულ B კლასის შეზღუდულ აქციას და 350 მილიონ B კლასის აქციას, რომელთა გამოშვებაც შესაძლებელია აქციების ოფციონების განხორციელების შემთხვევაში.
ივლისის ბოლოსთვის SpaceX-ის აქციების ფასის თითქმის 33%-ით ვარდნის შემდეგ, კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, კომპანიის აქციათა ფასი აგვისტოში 30%-ით გაიზარდა.















