ფოტო: Christopher Polk/2026GG/Penske Media via Getty Images
ამერიკელ მომღერალსა და მსახიობ სელენა გომესსა და მის მიერ დაფუძნებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტარტაპს Wondermind-ს, ისევე როგორც გომესის დედას, მენდი ტიფის და კომპანიის თანადამფუძნებელს, დანიელა პიერსონს, ინვესტორები ფედერალურ სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელე მხარე მათ ფასიანი ქაღალდებით თაღლითობასა და ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.
დელავერის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, კომპანიებს, Wondermind SRS 44-სა და Bespoke Wondermind SPV-ს, გომესის სტარტაპში თითქმის $1.2 მილიონის ინვესტირებისას მიეწოდათ ინფორმაცია, თითქოსდა Wondermind-ი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას უკვე ფლობდა.
ასევე, მათი მტკიცებით, ინვესტორები დაარწმუნეს, რომ Wondermind-ს საქმიანობის დასაწყებად გამართული მენეჯმენტის, სარეკლამო და პარტნიორობის შეთანხმებები ჰქონდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
სარჩელის თანახმად, ინვესტორები ასევე დაარწმუნეს, რომ გომესი აქტიურად იქნებოდა ჩართული კომპანიის საქმიანობაში, ტიფი ხელმძღვანელობისთვის შესაფერისი იყო, ხოლო ბიზნესში პიერსონის გამოცდილება ასევე გაზვიადებული აღმოჩნდა. მათთვის ასევე გადაჭარბებულად იყო წარმოდგენილი კომპანიის ზრდის პერსპექტივები.
მათ შორის, სარჩელში საუბარია 2022 წლის მაისში პიერსონთან შეხვედრასა და შემდგომ მიმოწერაზე. ინვესტორების მტკიცებით, შეხვედრებისას მათ პიერსონმა განუცხადა, რომ Wondermind-ს უკვე აკავშირებდა პარტნიორობა JPMorgan-სა და Fidelity-სთან. ამასთან ერთად, სტარტაპს 2022 წელს რეკლამებიდან $5 მილიონის შემოსავალი უნდა მიეღო და 150,000 გამომწერისთვის მიეღწია, რაც ასევე არ შესრულდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ინვესტორებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში კომპანიის სამომავლო ღირებულებად $4 მილიარდზე მეტი იყო განსაზღვრული.
„პარტნიორობები არ არსებობდა. ინიციატივები არ განხორციელებულა. აპლიკაცია არ შექმნილა. და სამი წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც კომპანია მათ თვალწინ ნელ-ნელა იშლებოდა, არც ერთ დამფუძნებელს, ხელმძღვანელსა თუ დირექტორს ინვესტორებისთვის, რომელთა ფულითაც ეს ნგრევა ფინანსდებოდა, არაფერი უთქვამს“, — ნათქვამია სარჩელში.
ცნობისთვის, გომესმა, ტიფიმ და პიერსონმა Wondermind-ი 2022 წელს დააარსეს. სტარტაპის მიზანი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზრუნვის იდეის პოპულარიზაცია იყო, რისთვისაც შესაბამისი ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნა და მათზე სტატიების, ინტერვიუებისა და რჩევების განთავსება იგეგმებოდა. სტარტაპის ფინანსური პრობლემების შესახებ 2025 წელს გახდა ცნობილი. Forbes-ის ინფორმაციით, კომპანიას თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა აღარ შეეძლო და მოგვიანებით მათი თითქმის ორი მესამედი გაათავისუფლა.















