დრონებით თავდასხმა მოსკოვზე | საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყო

დრონებით თავდასხმა მოსკოვზე | საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ომის დასრულების გზების ძიებისთვის, საუდის არაბეთში მოლაპარაკებები დაიწყეს. შეხვედრა კიევის მიერ მოსკოვზე განხორციელებული დრონების შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ჯედაში დაგეგმილი მოლაპარაკებები აშშ-სთან „პრაგმატულ“ ურთიერთობებს აღადგენს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ თვეში თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაძაბულად, კამათის ფონზე წარიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან საზღვაო და საჰაერო ზავის იდეა წამოაყენა, რითაც ადასტურებს, რომ კიევი ტრამპის მიერ დასახული მშვიდობის მიღწევის გეგმას ხელს უწყობს. „ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგებით დასრულდება,“ – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე ორშაბათს გვიან ღამით. „უკრაინის პოზიცია ამ მოლაპარაკებებში სრულად კონსტრუქციული იქნება.“

მიუხედავად იმისა, რომ აშშ უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვაშინგტონმა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა. მან უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეუფერხა. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯები სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად მიღწევას ემსახურება.

უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინამ მოსკოვზე დრონებით თავისი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. რუსული მხარის ცნობით, 91 დრონის გამოყენებით მოსკოვზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, გაჩნდა ხანძრის რამდენიმე კერა და მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეფერხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთლიანობაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 337 დრონი ჩამოაგდეს.

მოსკოვზე დრონებით თავდასხმას ბოლო დღეებში რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშები უძღოდა წინ, რომელთაგან ერთ-ერთი შაბათს განხორციელდა და მინიმუმ 14 ადამიანი იმსხვერპლა.

ზელენსკი ევროპელ მოკავშირეებს მისი ზავის გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომელიც, მისივე თქმით, მოსკოვის ნამდვილი განზრახვების შემოწმების შანსი იქნება.