ძველი გამოწვევები და ახალი რეალობა | ინტერვიუ კონსტანტინ ფედოროვთან

ძველი გამოწვევები და ახალი რეალობა | ინტერვიუ კონსტანტინ ფედოროვთან

Japan Tobacco International-ი 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მსოფლიო მასშტაბით 44 ათასამდე თანამშრომელს ასაქმებს, აქედან 90-ს – საქართველოში. 2020 წელს კომპანია საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა საქართველოში, ევროპაში, აზია- წყნარი ოკეანიის რეგიონში და გლობალურად. გთავაზობთ ინტერვიუს JTI-ის გენერალურ დირექტორთან კავკასიასა და ბელარუსში, კონსტანტინ ფედოროვთან.  

[MAINPICTURE]

აუცილებელია, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები ერთად მუშაობდნენ და იღებდნენ საერთო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეკონომიკას გადაარჩენს და შემდეგ სწრაფად გამოჯანსაღების საშუალებას მისცემს“.  

ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით კოვიდ-პანდემიის თემას. როგორ უმკლავდება JTI არსებულ გამოწვევებს?

კოვიდ- 19 მართლაც გლობალური გამოწვევაა, რომელიც ბიზნესზე ხანგრძლივ კვალს დატოვებს, გვაიძულებს, გადავხედოთ არსებულ პრაქტიკებს და შევიტანოთ ცვლილებები ბიზნესის დაგეგმვის, წარმართვისა და ინვესტირების პროცესებში.

პანდემია, რასაკვირველია, დაეტყო ჩვენი ბიზნესის სხვადასხვა დანაყოფს, თუმცა, ამასთანავე, იმაშიც დაგვარწმუნა, რომ საკმაოდ მდგრადი და მოქნილი ორგანიზაცია ვართ და ასეთ ურთულეს გამოწვევებსაც კი შეგვიძლია, გავუმკლავდეთ. უკვე საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და ვიცით, როგორ ვიმუშაოთ ასეთ ტურბულენტურ პირობებშიც.

პირველ რიგში, ცხადია, ჩვენთვის პრიორიტეტი იყო და არის ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამიტომ ოფისის პერსონალი პირველივე დღეებიდან გადავიყვანეთ სახლიდან მუშაობის რეჟიმზე და მაქსიმალურად შევუქმენით პირობები შეუფერხებელი საქმიანობისთვის. ცხადია, ახალ სამუშაო რეჟიმთან ადაპტაციას დრო დასჭირდა, თითოეულ თანამშრომელს უნდა ეპოვა ინდივიდუალური ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.

პანდემიამ ასევე დაგვანახვა, რომ ასეთ მასშტაბურ გამოწვევას მარტო ვერავინ გაუმკლავდება. აუცილებელია, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები ერთად მუშაობდნენ და იღებდნენ საერთო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეკონომიკას გადაარჩენს და შემდეგ სწრაფად გამოჯანსაღების საშუალებას მისცემს.

ბატონო კონსტანტინე, თქვენ გაქვთ თამბაქოს ინდუსტრიაში მუშაობის ოცდახუთწლიანი გამოცდილება და აქედან ოცდაერთი წელია, JTI-ში მუშაობთ. რა არის თქვენი პრიორიტეტები და რა გეგმები გაქვთ საქართველოში?

JTI არის #1 საერთაშორისო თამბაქოს კომპანია კავკასიაში მთლიანი საბაზრო წილის მიხედვით და გვაქვს ამბიცია, ვიყოთ პირველები თითოეულ ბაზარზე. ამაში დაგვეხმარება ჩვენი მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები და საუკეთესო ტალანტები.

რა არის JTI-ის წარმატების საიდუმლო საქართველოში?

პირველ რიგში – ჩვენი თანამშრომლები; მათი მონდომება და ჟინი, მიაღწიონ შედეგებს. ამ ფაქტორებისა და შედარებით ხელსაყრელი ბიზნესგარემოს წყალობით მოვიდა JTI დღემდე. თუმცა წარმატება მოუხელთებელი რამაა – რაც უფრო წარმატებული ხარ, მით უფრო ფხიზლად და ყურადღებით უნდა იყო, თორემ საკმარისია, თვალი დაახამხამო და შესაძლოა, წარმატება ხელიდან დაგისხლტეს!

თავად წარმატებაში საიდუმლო არაფერია. მთავარია, საფუძვლიანად მოემზადო, ბევრი იშრომო, წარსული შეცდომები გააანალიზო და ოპტიმისტურად განეწყო! პირველ რიგში, რაღაცის მიღწევა, გამარჯვება უნდა გწყუროდეს. აგრეთვე მნიშვნელოვანია თვითრწმენა, მიზანდასახულობა, კონცენტრაცია, კომფორტის ზონიდან გამოსვლის გამბედაობა და დისციპლინა – ფიქრებსა და ქცევებში.

ინვესტიციებს რომ შევეხოთ, რა წვლილი აქვს შეტანილი JTI-ის სახელმწიფო ბიუჯეტში?

დღემდე JTI-ის საქართველოს ბიუჯეტში ოთხმოც მილიონ ლარზე მეტი აქვს შეტანილი. გაცილებით მეტი თანხა შეაქვს ყოველწლიურად ჩვენს ექსკლუზიურ დისტრიბუტორს “ელიზი ჯგუფს”. მათი კონტრიბუცია, მხოლოდ დღგ-სა და აქციზის სახით, სამას მილიონ ლარს აღემატება. თამბაქოს ინდუსტრიის ჯამური წვლილი ბიუჯეტში კი წელიწადში მილიარდ ლარს აჭარბებს.

თქვენზე, როგორც საერთაშორისო მოთამაშეზე, აქვს თუ არა რაიმე გავლენა საქართველოს ეკონომიკის ზრდას და თუ აქვს, რატომ?

ცალსახად, აქვს. რაც უფრო ძლიერია ეკონომიკა, მით უკეთესი პირობებია ბიზნესის შეუფერხებლად წარმოებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ეკონომიკის გაძლიერებაში JTI-საც შეაქვს თავისი წვლილი – ასამდე ადგილობრივი თანამშრომელი გვყავს დასაქმებული, რაც ნიშნავს სტაბილურ სამუშაო ადგილებს საერთაშორისო კომპანიაში და დამატებით შემოსავალს, რომელიც ჩვენი პროდუქციის გაყიდვიდან გადასახადების სახით შედის ბიუჯეტში.

რას ურჩევდით სახელმწიფო უწყებებს – რა გზით უნდა გაუმჯობესდეს გარემო საერთაშორისო კომპანიებისთვის?

გმადლობთ ამ შეკითხვისთვის, საკმაოდ კომპლექსური კითხვაა. პასუხს ორ ნაწილად გავყოფდი: პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მკაფიოდ გაცხადებული მოლოდინი და სტრატეგია, რომელიც გვაჩვენებს, რა გეზი აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.

შემდეგ მოდის ზრუნვა ბიზნესზე, რომელზეც მართლაც რომ დგას ეკონომიკა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სახელმწიფო არ უნდა ქმნიდეს ბიუროკრატიულ ბარიერებს, არ უნდა ხდებოდეს ბიზნესის ხელოვნურად ჩამოშორება და გარიყვა კონსულტაციების პროცესიდან. მთავრობა უნდა იყოს მეტად გახსნილი, უსმენდეს ბიზნესს და ასრულებდეს დანაპირებს. მაგალითისთვის, წლებია, თამბაქოს ინდუსტრია მთავრობისგან აქციზის გრძელვადიან გეგმას ელოდება, თუმცა უშედეგოდ.

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ინვესტორები გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებენ საქართველოსთვის, თუ სახელმწიფო გასცდება ზედამხედველის როლს და შეეცდება, მათი პარტნიორი გახდეს“.

აქციზის გეგმა ბიზნესს პროგნოზირების საშუალებას აძლევს?

შეუძლებელია, ბიზნესი ყველა რისკისა და შოკისგან დააზღვიო. თუნდაც კოვიდ- პანდემიის განჭვრეტა წარმოუდგენელი იყო. თუმცა სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, შეუქმნას ბიზნესს პროგნოზირებადი გარემო. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მკაფიო საშუალო- და გრძელვადიანი გეგმა. სწორედ ამ ელემენტარულ, მაგრამ აუცილებელ წინაპირობას გვიქმნის აქციზის გეგმა – ბიზნესს დაგეგმვისა და პროგნოზირების საშუალება ეძლევა. ივლისში, პირველად საქართველოს ისტორიაში, ფინანსთა სამინისტრომ დაგვიდასტურა ორწლიანი მორატორიუმი თამბაქოს აქციზის ზრდაზე, რაც ფაქტობრივად დაპირებაა, რომ 2020-2021 წლებში აქციზი არ გაიზრდება. ამ გადაწყვეტილებას დიდხანს ველოდით და ეს, უდავოდ, მთავრობის წინ გადადგმული ნაბიჯია ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნის მიმართულებით. თუმცა კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება კერძო სექტორის მხარდასაჭერად.

რამდენად პროგნოზირებადია საქართველოს ბაზარი საერთაშორისო კომპანიისთვის? რა აზრის ხართ თამბაქოს ინდუსტრიისთვის დაწესებულ რეგულაციებზე?

საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაუთანაბროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების აქციზს (1000 ღერზე – 90 ევრო). თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობის გადმოღებისას, სამწუხაროდ, საქართველო სულაც არ მოქმედებს ევროპული სტანდარტებით. პრობლემაა, რომ სახელმწიფოს არა აქვს აქციზის გრძელვადიანი გეგმა – ანუ არ ვიცით, ზუსტად როდის და რამდენით გაიზრდება აქციზი სიგარეტზე. ევროკავშირის მაგალითი რომ ავიღოთ, წევრ ქვეყნებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაახლოებით 12-15 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ აქციზის განაკვეთი მინიმალურ ნიშნულამდე გაზრდილიყო.

გარდა ამისა, აქციზის ზრდის გეგმის შემუშავებისას, გასათვალისწინებელია რეგიონული კონტექსტი, იმისათვის, რომ არ მიეცეს გასაქანი უკანონო ვაჭრობას. ამ დროისთვის ეს ერთ- ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა საქართველოში, რასაც შემოსავლების სამსახურის სტატისტიკაც ადასტურებს.

საქართველოს ჰყავს მეზობელი ქვეყნები, სადაც თამბაქოს ფასი გაცილებით დაბალია. მაგალითად, სომხეთთან შედარებით, საქართველოში ერთი კოლოფი Winston-ი ორჯერ ძვირია (ფასებს შორის სხვაობა 1 აშშ დოლარია), აზერბაიჯანთან შედარებით კი 30%-ით ძვირი (სხვაობა – 0.5 აშშ დოლარი). ამას ემატება კონტრაბანდის შემოდინება საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან. ამით ვზარალდებით ჩვენ, კანონიერი ბიზნესი და ასევე ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი.

არსებული საგადასახადო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და ამაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ბიზნესი, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და არც სახელმწიფო ინტერესები, და ორივე მხარემ აიცილოს ფუჭი დანაკარგები.

რა ზემოქმედება ექნება ინდუსტრიაზე ახალ რეგულაციას, რომელიც პროდუქციის ხილვადობას ზღუდავს?

კოვიდ- 19- ის გამო ისედაც გასაჭირში მყოფი ბიზნესი მაქსიმალურად უნდა დავზოგოთ და არ დავამძიმოთ დამატებითი შეზღუდვებით. იმ გეგმით, რომელიც პანდემიამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა, თამბაქოს პროდუქციის ხილვადობა უნდა აიკრძალოს სულ რამდენიმე კვირაში, 2021 წლის 1 იანვრიდან. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას, უარყოფითად აისახება ვაჭრობაზე და შეამცირებს თამბაქოს სექტორის პოტენციალს, შეიტანოს წვლილი ეკონომიკაში. აღსანიშნავია, რომ კრიზისის დროს ისედაც საგრძნობლად შემცირდა საცალო სავაჭრო წერტილების რაოდენობა, დარჩენილ წერტილებს კი ბრუნვა შეუმცირდათ.

მთავრობას შეუძლია, სავაჭრო სექტორს შეუმსუბუქოს მდგომარეობა და გადაავადოს პროდუქციის ხილვადობაზე აკრძალვა. ეს არ გადაუკეტავს დამატებით შემოსავალს სავაჭრო სექტორში დასაქმებულ ათასობით ადამიანს, სახელმწიფო ბიუჯეტში კი მეტი თანხა შევა, რაც, პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური გავლენის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

როგორია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წლებია, JTI-ის განუყოფელი ნაწილია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ბიზნესი წინააღმდეგობრივია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვქონდეს გამართული CSR პოლიტიკა. ეს მიდგომა ახლახან კიდევ უფრო გავაფართოვეთ მდგრადობის სტრატეგიის შემოღებით, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს მიზნებს და კონკრეტულ შედეგებს. ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების მიმართ, სადაც საქმიანობას ვეწევით.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ახლა, როცა პანდემიით გამოწვეული კრიზისი ყველაზე მეტად დააწვა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს. სწორედ ასეთ დროს მართებს ბიზნესს საზოგადოებისადმი თანადგომა. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ფინანსურად ურთულესი წლის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიჩერებია არც ერთი სოციალური და კულტურული პროგრამა და მეტიც, დამატებითი თანხების მობილიზება შევძელით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად. 2020 წელს, JTI-ის დახმარებით, საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით ყოველთვიურად მარაგდება 500-ზე მეტი ბენეფიციარი. ჩემი აზრით, ეს მაგალითი ადასტურებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობა და მზად ვართ, გასაჭირში გვერდში ამოვუდგეთ.

რამდენად გრძნობთ მთავრობის მხარდაჭერას? მეტი კომუნიკაცია ხომ არ გჭირდებათ სახელმწიფოსთან?

ამ უაღრესად ტურბულენტურ დროში, იმისათვის, რომ ერთად დავძლიოთ ის გამოწვევები, რაც საზოგადოების, ბიზნესისა და ქვეყნის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მთავრობა და ბიზნესი შეკრულად ვმუშაობდეთ. კომუნიკაცია ერთადერთი გზაა მხარეთა შორის ურთიერთგაგების გასაუმჯობესებლად. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაცია არ იყო სათანადო დონეზე. ვერ დავინახეთ ურთიერთგაგებისა და ბიზნესის ინტერესის გათვალისწინების მცდელობა.

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ინვესტორები გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებენ საქართველოსთვის, თუ სახელმწიფო გასცდება ზედამხედველის როლს და შეეცდება, მათი პარტნიორი გახდეს.