ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრები 19-23 ივნისს საქართველოს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაცია EBRD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დირექტორთა საბჭოს წევრები, რომლებიც წარმოადგენენ ბანკის აქციონერებს, მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში EBRD-ის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მოინახულონ და თავისი ინვესტიციების გავლენა შეაფასონ.
როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან:
კლარა კროლი – ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და საქართველოს დირექტორი;
გერჰარდ ჰაცი – ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორი;
იან პუზატი – EBRD-ის დირექტორი საფრანგეთში;
როსმარი შლუპი – შვეიცარიის, უკრაინის, ლიხტენშტაინის, თურქმენეთის, სერბეთის, მონტენეგროსა და უზბეკეთის დირექტორი;
კეტრინ ალენი – ალტერნატიული დირექტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში;
მარკუს შულტე – ევროკავშირის (EU) ალტერნატიული დირექტორი;
ალფრედო პანარელა – EIB-ის ალტერნატიული დირექტორი;
იან ვილემ ვან დენ უოლ ბეიკი – ალტერნატიული დირექტორი ნიდერლანდებში, ჩინეთში, მონღოლეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთში;
კარინა კარაივანოვა – ალტერნატიული დირექტორი პოლონეთში, ბულგარეთსა და ალბანეთში;
კრისტინა აკესონი – ალტერნატიული დირექტორი შვედეთის, ისლანდიისა და ესტონეთის საკითხებში;
შონ ლი – ალტერნატიული დირექტორი ავსტრალიაში, კორეაში, ახალ ზელანდიასა და ეგვიპტეში.
დელეგაციას ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი უხელმძღვანელებს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ EBRD-მ დღემდე საქართველოში, 286 პროექტში, 5 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც კერძო სექტორში ინვესტიციები მთლიანი დაფინანსების 82%-ს შეადგენს.