ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით დღეს პოსტს ოფიციალურად ტოვებს.
სერ სუმა ჩაკრაბარტი EBRD-ს ხელმძღვანელობდა ორ საკმაოდ კონკურენტულ არჩევნებში – 2012 და 2016 წლებში გამარჯვების შედეგად. მისი პრეზიდენტობის მანდატის პერიოდში, EBRD-მა რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები და ტრანზაქციები განახორციელა და მიაღწია უფრო მდგრად ფინანსურ სტაბილურობას, როგორც ამას თავის რელიზში EBRD ავრცელებს.
Green Economy Transition-ის პროგრამის განხორციელება ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი პროექტია, რაც ჩაკრაბარტის პრეზიდენტობის დროს განხორციელდა. ბანკის საერთო ინვესტიციების თითქმის 50% გასულ წელს, სწორედ “მწვანე ეკონომიკის პროექტებში” განხორციელდა. ღირს აღნიშვნად, რომ ამ მხრივ EBRD-ს გაცილებით ამბიციური გეგემები და მიზნები აქვს მომდევნო წლებისთვის. გარდა ამისა, ბოლო რვა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც EBRD ინვესტიციებს სტაბილურად ახორციელებს.
როგორც სერ სუმა ჩაკრაბარტი ამბობს, ის ბანკს კარგ მდგომარეობაში ტოვებს და აღნიშნული ინსტიტუცია მნიშვნელოვანია გლობალური განვითარებისთვის.
თავის რელიზში EBRD აცხადებს, ჩაკრაბარტი კვლავ იქნება ჩართული საერთაშორისო განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პროექტების საკითხებში.
გარდა ამისა, შემოდგომიდან სერ სუმა ბრიტანული Think-Tank ODI-ს სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი იქნება. ასევე, მას სურს ლექციების კურსების ჩატარება და მომავალი თაობის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა. ასევე ის განვითარებადი ბაზრების მთავრობებს და კერძო და საჯარო სამსახურებს დაეხმარება კონსულტაციებით, სტრატეგიების და კომუნიკაციების კუთხით. რაც შეეხება EBRD-ს ახალ პრეზიდენტს, ხვალიდან, 3 ივლისიდან EBRD-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი შეუდგება.