7-8 ოქტომბერს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭო ბანკის ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
ივლისში სერ სუმა ჩაკრაბარტმა პრეზიდენტობის ორი ვადის დასრულების შემდეგ, დაკავებულ პოსტი დატოვა. მან EBRD-ის პრეზიდენტის არჩევნებში 2012 და 2016 წლებში გაიმარჯვა. 3 ივლისიდან კი ბანკს დროებითი მმართველის რანგში
იურგენ რიგტერინკი ხელმძღვანელობდა.
EBRD-ის ინფორმაციით, ბანკის მმართველთა საბჭო, რომელიც EBRD-ის 71 აქციონერს წარმოადგენს, არჩევნების ჩატასარებლად 7-8 ოქტომბერს შეიკრიბება.
EBRD-ის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის:
● თადეუშ კოშინსკი, რომელიც ამჟამად პოლონეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. კოშინსკი 2019 წელს გახდა ფინანსთა მინისტრი, იქამდე ის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 1997-2015 წლებში კი ის ესპანური Santander Bank-ის პოლონურ მიმართულებას ხელძღვანელოდა;
● პიერ კარლო პადოანი, რომელიც ამჟამად იტალიის პარლამენტის წევრია. პადოანი 2014-2018 წლებში იტალიის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2007 წელს მან OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი დაიკავა, 2009 წელს კი პარალელურად ამავე ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტიც გახდა. 2001-2005 წლებში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებას ხელმძღვანელობდა;
● ოდილ რენო ბასო – ამჟამად საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ხაზინის უფროსი. ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალია. ამჟამად არსებულ თანამდებობაზე 2016 წლიდან მუშაობს. იქამდე, საფრანგეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის – Caisse des dépôts et consignations-ის CEO იყო. უფრო ადრე კი ოდილ ბასო ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა.
EBRD-ის მმართველთა საბჭო ახალ პრეზიდენტს დახურული კენჭისყრის წესით აირჩევს. 71 წევრისგან შემდგარ საბჭოში შესაბამისად, კანდიდატს გამარჯვებისთვის მინიმუმ 36 ხმის დაგროვება ესაჭიროება.