ტვირთმზიდის მფლობელებისა და სადაზღვევოებისაგან მიღებული პირობის შემდეგ, ეგვიპტემ გადაწყვიტა, რომ გემი Ever Given-ი, რომელმაც მარტში სუეცის არხი რამდენიმე დღით გადაკეტა, გაათავისუფლოს.
ორივე დაპირისპირებულმა მხარემ განაცხადა, რომ Ever Given-ს შეეძლება დატოვოს დიდი მწარე ტბის ტერიტორია, სადაც ის მას შემდეგ ჰყავდათ დაკავებული, რაც სუეცის არხი ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაკეტა.
შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ეგვიპტემ კომპანიის მესვეურებისაგან 550 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.
კონტეინერების სატვირთო გემის, Ever Given-ის გათავისუფლების ოპერაცია 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ტიპის სამაშველო ხომალდი იყო ჩართული. გემის გათავისუფლების ოპერაციას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
6 დღის განმავლობაში მსოფლიო ვაჭრობა თითქმის შეჩერებული იყო. 193 კილომეტრი სიგრძის არხში ასობით გემი იყო ჩახერგილი. სუეცის არხი უმოკლესი გზაა ევროპიდან აზიისაკენ და ის ხმელთაშუა ზღვასა და წითელ ზღვას აკავშირებს ერთმანეთთან.
თავდაპირველად, სუეცის არხის ადმინისტრაცია კომპენსაციის სახით 916 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა იმ დროისა და რეპუტაციის ასანაზღაურებლად, რაც გემის ქმედების გამო სახელმწიფოს მიადგა. თუმცა აღნიშნული წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა გემის მფლობელი კომპანიისათვის. Ever Given-ი მზად იყო, სუეცის არხის ადმინისტრაციისათვის 150 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები.