ხუთი სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მექსიკას პირველი პრეზიდენტი ქალი ეყოლება. კლიმატის მეცნიერი და მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი, საპრეზიდენტო მარათონს თითქმის 56%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს. კლაუდია შეინბაუმი ქვეყნის მმართველი პარტიის, „მორენას“ კანდიდატია. კვლევითი კომპანია Parametria-ს მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატს, შოჩიტლ გალვესს კი 30%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ჯერჯერობით მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა მხოლოდ 5%-ია დათვლილი. ოპოზიციის კანდიდატი კი საკუთარ მხარდამჭერებს საბოლოო შედეგების გამოცხადების დალოდებისაკენ მოუწოდებს.
პოლიტიკური მკვლევრების განცხადებით, კლაუდია შეინბაუმის გამარჯვება მექსიკისათვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კონსერვატიულადაა განწყობილი. პრეზიდენტი ქალი კი მექსიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ გარდატეხას შეიტანს. მეტიც, კლაუდია შეინბაუმს შესაძლებლობა აქვს, მექსიკის, შეერთებული შტატებისა და კანადის მთავარ არჩევნებში გამარჯვებული პირველი ქალიც გახდეს.
შეინბაუმის მთავარ დაპირებას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალურად დაუცველებისათვის შესაბამისი დახმარებების დანიშვნა წარმოადგენს. თუმცა მემკვიდრეობად პრეზიდენტობის კანდიდატს ბიუჯეტის დეფიციტი და დაბალი ეკონომიკური ზრდა ხვდება. შესაბამისად, დასახული მიზნების მიღწევა მარტივი არ იქნება.
გარდა ამისა, კლაუდია შეინბაუმის გეგმა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის გამოსწორება და საზოგადო უსაფრთხოების გაუმჯობესება იქნება. ცნობისათვის, მექსიკის უახლესი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა დროს არჩევნების 38 კანდიდატი მოკლეს. მექსიკის მოქმედი პრეზიდენტის, ლოპეს ობრადორის ადმინისტრაციის პირობებში კი ქვეყანაში 185,000 ადამიანი მოკლეს, რაც მექსიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, შეინბაუმის წინაშე რთული ამოცანები დგას.