ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალური ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს წარადგენს. მანამდე კი სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები და ფინანსთა მინისტრები ვაშინგტონში შეიკრიბებიან, სადაც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაზაფხულის შეკრება გაიმართება. ამასთან, ოთხშაბათს დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებიც გამართავენ შეხვედრას.

10 აპრილის კვირაში დიდი ოცეულის რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის სხდომაცაა დანიშნული. მაგალითად, ოთხშაბათს დაგეგმილია კანადის ცენტრალური ბანკის სხდომა, რაზეც ელოდებიან, რომ საპროცენტო განაკვეთებს იმავე ნიშნულზე დატოვებენ. მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკიც.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას მსხვილი ამერიკული ბანკები პირველი კვარტალის შემოსავლებს გაასაჯაროებენ. მათ შორის იქნება JPMorgan-ი და Citigroup-ი, მოგვიანებით Goldman Sachs-ი, Morgan Stanley და Bank of America. აღსანიშნავია, რომ S&P 500-ის ფინანსისტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბანკების შემოსავლების 5.2%-იან ზრდას ელიან.

პარალელურად, აშშ-ი ინფლაციის მარტის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ეკონომისტების მოლოდინით, ინფლაცია 0.4%-ით იქნება გაზრდილი თებერვალთან შედარებით, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით – 5.6%-ით.

რაც შეეხება ევროპას, ევროკავშირი მიმდინარე კვირას თებერვლის რიტეილ-გაყიდვებს გამოაქვეყნებს. ხოლო დიდი ბრიტანეთი თებერვლის მშპ-ს და სავაჭრო ბალანსს გაასაჯაროებს. მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული მაჩვენებელიც, რომელიც კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

საქართველოში საქსტატი 2023 წლის მარტის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნებით დაიწყებს. ხოლო 13 აპრილს საგარეო ვაჭრობის მარტის ექსპრეს-მონაცემები, თებერვლის ბრუნვის მოცულობის ინდექსი და მარტის საარსებო მინიმუმი გახდება ცნობილი. საინტერესო იქნება 2022 წლის მემცენარეობის მაჩვენებლებიც, რომლებიც კვირის ბოლოსკენ გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *