ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიება მსოფლიოსთვის „OPEC+“-ის შეხვედრა იქნება, სადაც წევრი და მოკავშირე ქვეყნები ნავთობის ბაზრის ტენდენციებს განიხილავენ. ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ ექსპერტები ელოდებიან, რომ „OPEC+“-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების მოცულობის გაზრდის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ ნავთობზე მოთხოვნა მზარდია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, ნავთობის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს გასულ პარასკევს მიაღწია. ეკონომიკებისა და ქვეყნების გახსნიდან გამომდინარე კი გლობალურად ნავთობზე მოთხოვნაც იზრდება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ევროზონა ივნისის ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ცნობისთვის, ინფლაციის მაჩვენებელი მაისში ევროპის ცენტრალური ბანკის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს გადასცდა. როგორც ბანკის საბჭოს წევრები აცხადებენ, ფასების ბოლოდროინდელი მატება შესაძლოა გრძელვადიან ტენდენციად ჩამოყალიბდეს. ამ საკითხზე ევროპაში დებატები გრძელდება.

ამერიკაში კი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის $1.2-ტრილიონიანი შეთავაზება ბაზრის სტიმულირებას შეუწყობს ხელს, მაგრამ რისკის შემცველი ვითარება მაინც რჩება. ახალი კოვიდ-შტამების გავრცელებამ ამერიკაში „ნორმალური ცხოვრების აღდგენა“ გადაავადა. ჩინეთში კი ეკონომიკური აღდგენის ტემპის შემცირება შეინიშნება.

ამასთან, მიმდინარე კვირას საფრანგეთი პირველი კვარტალის უმუშევრობის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. იაპონიასა და ევროკავშირში კი მაისის უმუშევრობის დონე და რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელი გახდება ცნობილი. დიდ ბრიტანეთში პირველი კვარტალის მშპ გამოქვეყნდება, უმუშევრობის ივნისის მაჩვენებელს რუსეთი გამოაქვეყნებს, სადაც მაისის თვის რიტეილ-გაყიდვებიც გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას, კერძოდ კი 1 ივლისს უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ბიზნესის, განსაკუთრებით კი ჰორეკა სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი გამოქვეყნდება, კერძოდ:

  • 29 ივნისი – მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯებისა და შემოსავლების მიხედვით; ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2021 წლის I კვარტალი, წინასწარი);
  • 30 ივნისი – ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2021 წლის მაისი);
  • 02 ივლისი – სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2021 წლის ივნისი);
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *