კომერციული ბანკების აქტივები მიმდინარე ფასებში 1.58 მლრდ ლარით შემცირდა - მაისის მაჩვენებლები

კომერციული ბანკების აქტივები მიმდინარე ფასებში 1.58 მლრდ ლარით შემცირდა - მაისის მაჩვენებლები

2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.58 მლრდ ლარით, ანუ 2.7%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.46%-ით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ივნისისათვის 57.09 მლრდ ლარი შეადგინა.

ხოლო საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.57 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 11.5%-ია.

გარდა ამისა, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში აპრილთან შედარებით გაზრდილია ბანკების დეპოზიტები. კერძოდ, მაისში საბანკო დეპოზიტების მოცულობამ 837 524 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელი 768 639 ათასი ლარი იყო. არასაბანკო დეპოზიტები კი მაისში აპრილთან შედარებით 35 621 255 ათასი ლარიდან 35 412 837 ათას ლარამდე შემცირდა.

ამასთან, 2021 წლის მაისის მაჩვენებლებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 616.81 მლნ ლარით (1.54%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.16%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 39.53 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.38 მლნ ლარით (1.76%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 928.19 მლნ ლარით (4.14%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.68%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით – 5.73 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.50%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.99%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.84%-ით მეტი) ჰქონდათ გაცემული.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში 0.51%-ით, ანუ 100.51 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 19.57 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის, სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.63% შეადგინა, 2021 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.48 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *