ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირაში გლობალური ბაზრებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო კვლავ უკრაინაში მიმდინარე ომია. რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას აგრძელებს, ამიტომაც მსოფლიო ბაზრებზე კვლავ არაპროგნოზირებადი გარემოა. განსაკუთრებით იმ პროდუქტის წარმოებისა და ექსპორტ-იმპორტის კუთხით, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას და რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება.

რუსეთის შესაჩერებლად მსოფლიო ლიდერები დიპლომატიურ მცდელობებს აგრძელებენ. მიმდინარე კვირას ბრიუსელში NATO-ს შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც დაესწრება. მნიშვნელოვანია პროცესებში ჩინეთის როლიც, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ჯერ არ დაუგმია, თუმცა ბაიდენმა ჩინელი კოლეგა სი ძინპინი უკვე გააფრთხილა „შესაბამისი შედეგების“ შესახებ, თუ ოფიციალური პეკინი რუსეთს მხარდაჭერას აღმოუჩენს.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სამსახურის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ბიზნესეკონომიკის ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და ეკონომიკურ პროგნოზებზე ისაუბრებს. აშშ-ის ეკონომიკური კალენდრის მიხედვით, მოსალოდნელია ასევე უმუშევრობის განაცხადების, საცხოვრებელი სახლების გაყიდვებისა და PMI-მონაცემების გამოქვეყნება.

რაც შეეხება ევროპას, მიმდინარე კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის არაერთი მაღალჩინოსნის, მათ შორის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის გამოსვლა იგეგმება. გარდა ამისა, ევროზონა და დიდი ბრიტანეთი მარტის PMI-მონაცემებს გამოაქვეყნებენ. ასევე ევროკავშირში მომხმარებელთა კმაყოფილების მარტის მაჩვენებლებიც გახდება ცნობილი. მიმდინარე კვირასვე გაიმართება ევროკავშირის ლიდერთა სამიტიც.

მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის ნავთობის ბაზარიც. გასულ კვირას „შავი ოქროს“ ფასი 4%-ით შემცირდა, მანამდე პერიოდში კი ნავთობი ბოლო 14 წელიწადში რეკორდულად გაძვირდა. ეს ნაწილობრივ რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ ნავთობის ბაზარმა შესაძლოა, აპრილიდან დღეში 3 მლნ ბარელი რუსული ნავთობი დაკარგოს. IEA-ის პროგნოზით, უკრაინაში მიმდინარე ომი მეორე კვარტალში ნავთობის მიწოდების დეფიციტს შექმნის.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი დატვირთულია. განსაკუთრებით, ორშაბათი, როდესაც გამოქვეყნდება 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის, ადგილობრივი ექსპორტის მონაცემები, ასევე, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსი, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი და მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის  მომსახურებაზე. საქსტატი გამოაქვეყნებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ 2021 წლის ივლის-დეკემბრის მონაცემებსა და მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლებს (2021 წლის IV კვარტალი და 2021 წლის წლიური, წინასწარი). კვირის ბოლოს მოსალოდნელია გასული წლის მეოთხე კვარტალის მშენებლობის ღირებულების ინდექსისა და მრეწველობის პროდუქციის ინდექსის გამოქვეყნებაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *