მიმდინარე კვირას ამერიკის სარეზერვო სამსახურში მორიგი შეხვედრა გაიმართება. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ გაიჟღერებს პროგნოზები იმის შესახებ, მოახერხებს თუ არა ამერიკის ცენტრალური ბანკი აგრესიულ ინფლაციასთან გამკლავებას. სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი დარწმუნებულია, რომ ცენტრალური ბანკი შეძლებს „მსუბუქ დაფრენას“. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 35%-ია იმის შანსი, რომ აშშ-ის ეკონომიკა მომდევნო ორ წელიწადში რეცესიაში შევა. ხოლო Wells Fargo-ში მიაჩნიათ, რომ მსუბუქი რეცესია 2022 წლის ბოლომდე ან 2023 წლის დასაწყისამდე დასრულდება.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა, ანუ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მარტში დაიწყო, როდესაც საბაზო საპროცენტო განაკვეთი 0-0.25 პროცენტიდან 0.25-0.5 პროცენტამდე გაზარდა. შედეგად, საბაზო განაკვეთზე მიბმული კრედიტების მომსახურება და მთლიანად დოლარის საკრედიტო რესურსის ღირებულება გაძვირდა. ამას მოჰყვა აპრილში კიდევ ნახევარი პროცენტული პუნქტით ზრდა. ელოდებიან, რომ ივნისსა და ივლისში მონეტარული პოლიტიკა კიდევ ნახევარი პროცენტული პუნქტით გამკაცრდება.
პაუელმა არაერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს მანამ, ვიდრე ეს ინფლაციის შესაკავებლად იქნება საჭირო. მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე პროგნოზების შესახებ განცხადებებს კიდევ ერთხელ გააკეთებენ.
პარალელურად, მიმდინარე კვირას ამერიკული მსხვილ რიტეილ-კომპანიები აპირებენ შემოსავლების შესახებ ბოლო მონაცემების გასაჯაროებას. მათ შორის იქნება: Costco, Dollar General-ი და Best Buy. ამერიკული რიტეილ-სექტორის რამდენიმე მსხვილმა მოთამაშემ, მათ შორის Walmart-მა და Target-მა გასულ კვირას გამოაქვეყნეს მონაცემები და დაასკვნეს, რომ მაღალი ინფლაციის გამო, ამერიკელი მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი შესუსტებულია.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ბრიტანეთი და ევროზონა მიმდინარე კვირას PMI-მონაცემის გამოქვეყნებას გეგმავენ. გერმანია კი პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს, ასევე, მაისის ბიზნესკლიმატის ინდექსს გამოაქვეყნებს. ესპანეთში კი აპრილის რიტეილ-გაყიდვები გახდება ცნობილი. პარალელურად, საჯარო გამოსვლები იგეგმება ევროპის ცენტრალურ ბანკში. გარდა ამისა, შვეიცარია დასაქმების მაჩვენებლის გამოქვეყნებას გეგმავს, ჩინეთი კი ინდუსტრიული წარმოების შედეგად მიღებული სარგებლის აპრილის მონაცემს გაასაჯაროებს.
საქართველოში მიმდინარე კვირას საქსტატი 2021 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებლებს (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები), 2022 წლის პირველი კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას და მიმდინარე წლის მარტის ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. საინტერესო იქნება ასევე კვირის ბოლოს 2021 წლის ფარდობითი და აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებისა და ჯინის კოეფიციენტის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაც.