ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიუხედავად ზაფხულის სეზონის აქტიური ფაზის დაწყებისა, მიმდინარე კვირის მსოფლიო ეკონომიკური კალენდარი დატვირთული იქნება. მსხვილი ამერიკული და საერთაშორისო კომპანიები და კორპორაციები 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებას განაგრძობენ. 25 ივლისის კვირაში ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემების გასაჯაროებას უნდა ველოდოთ. მათ შორის Microsoft-ის და Alphabet-ის. მათ მოჰყვება Facebook-ის მშობელი კომპანია Meta-ს ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნება. კვირის ბოლოს კი შემოსავლების შესახებ მონაცემებს Amazon-ი და Apple-იც გამოაქვეყნებენ.

ტექნოლოგიური გიგანტების გარდა, სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერების მონაცემებსაც უნდა ველოდოთ, მათ შორის Coca-Cola-ს, McDonald’s-ის, General Electric-ის, General Motors-ის, Boeing-ის, Humana-ს, Ford-ის, Mastercard-ის, Exxon Mobil-ის, Procter & Gamble-ის და AstraZeneca-ს.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახური მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს, სადაც გადაწყდება, გაიზრდება თუ არა საპროცენტო განაკვეთები. ასევე, აშშ მეორე კვარტალის მშპ-ის მონაცემებსაც გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მშპ-ის განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას ევროკავშირი და ცალკე საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია და იტალიაც აპირებენ.  ამასთან, ევროკავშირი ბიზნესის და მომხმარებელთა გამოკითხვის ივლისის მონაცემებს, ასევე მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლებსაც გაასაჯაროებს.

გარდა ამისა, ჩინეთი ივნისის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შესახებ გეგმავს ინფორმაციის გამოქვეყნებას. იაპონიაში ივნისის უმუშევრობის დონე გახდება ცნობილი, ხოლო რუსეთში ივნისის რიტეილ-გაყიდვების და უმუშევრობის დონის განახლებულ მაჩვენებლებს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და მიმდინარე ომს გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე უდიდესი გავლენა აქვს. თუმცა რამდენიმე დღის წინ უკრაინას, რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმება ერთგვარ იმედს აჩენს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი და ტრანსპორტირება აღარ შეფერხდება. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ მსოფლიო სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოში უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ომის დაწყების შემდეგ საკვებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ უკრაინის პორტების განბლოკვა მნიშვნელოვანი გახდა. ოდესის პორტში დაახლოებით 20 მლნ ტონა მარცვლეულია გაჩერებული და უკვე რამდენიმე თვეა, მისი ექსპორტი ვერ ხდება.

დაბოლოს, რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდრის მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის გამოქვეყნებაა დაგეგმილი. მაგალითად, 27 ივლისს გამოქვეყნდება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებებისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები, ასევე სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2021 წელი). მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის მაისის ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები, 2021 წლის ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგები, 2022 წლის იანვარ-ივნისის ინფორმაცია დასრულებულ მშენებლობებზე და ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების,  ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასებისა და ივნისის ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლების გამოქვეყნებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *