ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას აშშ ივლისის რიტეილ-გაყიდვების შედეგებს გამოაქვეყნებს, რომელიც ნათელს გახდის, რამდენად აღდგა მომხმარებელთა მხრიდან დანახარჯების ზრდა მეორე კვარტლის კლების შემდეგ. ეკონომისტები მხოლოდ მცირედ, 0.1%-იან ზრდას ელოდებიან. პარალელურად, რამდენიმე მსხვილი ამერიკული რიტეილ-კომპანია 2022 წლის მეორე კვარტლის შემოსავლებს გაასაჯაროებს. მათ შორის იქნება Walmart-ი, Lowe’s-ი, Target-ი და Home Depot-ი. მსხვილი რიტეილერების შედეგები ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მონაცემია იმისათვის, რომ შეაფასონ, რამდენად დიდია ინფლაციის გავლენა.

გარდა ამისა, ევროკავშირი ივნისის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებს. მიმდინარე კვირასვე ევროპული ბლოკის მეორე კვარტლის მშპ-ის მონაცემები და ივლისის სამომხმარებლო ფასების ინდექსიც გახდება ცნობილი. ამასთან, ევროკავშირი დასაქმების მაჩვენებლების გასაჯაროებასაც აპირებს.

რაც შეეხება ბრიტანეთს, მას შემდეგ, რაც ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყანა ღრმა და ხანგრძლივი რეცესიის წინაშეა, ინვესტორების ყურადღება მიპყრობილია ინფლაციის, რიტეილ-გაყიდვებისა და დასაქმების მაჩვენებლებისკენ, რომლებიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ოქტომბრისთვის ინფლაცია 13.3%-ს მიაღწევს, ივლისის მაჩვენებელს კი 9.8%-მდე პროგნოზირებენ. ხოლო რიტეილ-გაყიდვებში ეკონომისტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-იან კლებას ელოდებიან.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ახალი ზელანდიის და ნორვეგიის ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის სხდომა გაიმართება. ახალი ზელანდიის ბანკისგან საპროცენტო განაკვეთის 50 ბაზისური პუნქტით მატებას ელოდებიან, რაც ბოლო შვიდი წლის რეკორდი იქნება. ანალოგიური მოლოდინი აქვთ ნორვეგიაშიც, სადაც ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ივნისში 50 ბაზისური პუნქტით გაზარდა, ამდენივეთი ზრდას ელოდებიან მიმდინარე კვირის შეხვედრაზეც.

მიმდინარე კვირას საქართველოს ეკონომიკური კალენდარიც დატვირთულია. კვირა 2022 წლის ივლისის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებისა და მეორე კვარტლის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის გამოქვეყნებით დაიწყება. ორშაბათსვე გამოქვეყნდება 2022 წლის ივნისის ბრუნვის მოცულობის ინდექსი და ივლისის საარსებო მინიმუმი. ასევე მოსალოდნელია 2021 წლის წლიური დაზუსტებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნებაც. საინტერესო იქნება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის სამუშაო ძალის მაჩვენებლების (დასაქმება და უმუშევრობა) ნახვაც. გარდა ამისა, დაგეგმილია ივლისის საგარეო ვაჭრობის, ადგილობრივი ექსპორტის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის, ექსპორტის და იმპორტის ფასების ინდექსის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნება.