გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არაერთი საინტერესო სიახლე მოხდა: Pfizer-მა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, Global Blood Therapeutics-ი შეიძინა, Walmart-მა სტრიმინგ-სერვისთან დაკავშირებული გეგმები გააცოცხლა, Baidu-მ კი ჩინეთში თვითმართვადი ტაქსების გასაშვებად ლიცენზია მიიღო. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

აშშ-ის ფედერალური სასამართლო: ხელოვნურ ინტელექტს პატენტის მიღება არ შეუძლია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის მთავარ ტექნოლოგიურ მოვლენას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს, რომლის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტს პატენტის მიღება არ შეუძლია, რადგან ის ადამიანი არ არის, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ საქმეშიც ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი, სტივენ ტალერი ფიგურირებს, რომელიც წლებია, საკუთარი ჭკვიანი სისტემების მიერ შექმნილი ნაშრომებისთვის პატენტებისა და საავტორო უფლებების მინიჭებას ცდილობს.

ფოტო: James Bareham / The Verge

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, სტივენ ტალერის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ხელოვნების ნიმუშმა საავტორო უფლება ვერ მიიღო – მოგვიანებით, 2022 წელს, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის სააპელაციო საბჭომაც გაიზიარა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პატენტების ბიუროსთან უთანხმოება ტალერს მანამდეც ჰქონდა – 2020-ში, მაგალითად, სახელმწიფო უწყებამ მას უარი უთხრა მისი ხელოვნური ინტელექტის, DABUS-ის გამოგონების დაპატენტებაზე, რადგან ის ადამიანი არ იყო – ტალერმა ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა, მაგრამ აპელაცია კვლავ წააგო.

აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მან წინა კვირას მიიღო, სწორედ ამ საქმის გაგრძელებაა. საკუთარ მოსაზრებაში, მოსამართლე ლეონარდ სტარკი წერს, რომ ეს საქმე, რომელიც, ერთი შეხედვით, უფლებების მეტაფიზიკურობას ეხება, არც თუ ისე რთულია, თუ ადამიანი ამ შემთხვევაში რელევანტურ სამართლებრივ დოკუმენტს, პატენტების აქტს გაეცნობა, რომელიც ნათლად განმარტავს, რომ პატენტის მიღება მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. რეალურად, დოკუმენტში გამოყენებულია სიტყვა „ინდივიდი“, რომელიც სამართლებრივი პრაქტიკის მიხედვით, განიმარტა, როგორც „ადამიანი“.

„ხშირად, სამართლებრივი დოკუმენტების წაკითხვა სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ასე არ არის“, – წერს მოსამართლე სტარკი. „ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლებრივი დოკუმენტის ინტერპრეტაცია ტექსტით იწყება და ტექსტითვე მთავრდება… აქ ორაზროვნება გამორიცხულია: პატენტების აქტი ითხოვს, რომ გამომგონებელი ადამიანი იყოს“.

როგორც ჩანს, ტალერი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს – ტალერის იურისტის, რაიან აბოტის თქმით, პატენტების აქტს მოსამართლე ძალიან ვიწროდ და ტექსტუალურად მიუდგა. „[ეს გადაწყვეტილება] პატენტების აქტის დანიშნულებას უგულებელყოფს, რასაც იმ შედეგამდე მივყავართ, რომ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნური ინტელექტის გამოგონებების დაპატენტება – შეუძლებელია. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლიანი უარყოფითი სოციალური შედეგები აქვს“, – განაცხადა აბოტმა BloombergLaw-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნური ინტელექტისა და პატენტების ურთიერთობასთან დაკავშირებით არსებული სტატუს-ქვო შენარჩუნდა. საინტერესოა, რომ ამგვარი ტრენდი შეინიშნება მსოფლიოშიც – ბოლო წლებში, მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა და ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ.

Pfizer-მა Global Blood Therapeutics-ი $5.4 მილიარდად შეიძინა

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, Global Blood Therapeutics-ი $5.4 მილიარდად შეიძინა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ აქციაში Pfizer-მა $68.5 გადაიხადა, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ის ფასი, რომელიც სამ აგვისტოს დაფიქსირდა, როცა გარიგების შესახებ ინფორმაცია პირველად გასაჯაროვდა.

ფოტო: Bloomberg

როგორც უკვე მოგახსენეთ, Global Blood Therapeutics-ი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატს აწარმოებს, რომელმაც გასულ წელს, კომპანიას $195 მილიონი მოუტანა. საერთო ჯამში კი, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების დათვლებით, 2026 წლისთვის, კომპანიის ამ ტიპის სამკურნალო საშუალებების გაყიდვები $1 მილიარდს მიაღწევს, რაც Pfizer-ის იშვიათი დაავადებების პრეპარატების ბიზნესს საგრძნობლად გაზრდის.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია მწვავე დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 4.5 მილიონ ადამიანს აქვს.

Spotify-ი კონცერტების ბილეთების გაყიდვის ფუნქციონალს ტესტავს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მუსიკალური სტრიმინგის შვედური გიგანტი, Spotify-ი მუსიკალური კონცერტების ბილეთების გაყიდვის ფუნქციონალს ტესტავს, – სიახლის შესახებ პირველად გამოცემა Music Ally-მ დაწერა. ვებგვერდზე, რომელსაც Spotify Tickets-ი ჰქვია, ახლა რამდენიმე ამერიკული კონცერტის ბილეთები იყიდება.

აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვა, როგორც ასეთი, Spotify-სთვის არახალია. ამ მიმართულებით, Live Events Feed-ის ფუნქციონალის გამოყენებით, კომპანია Ticketmaster-თან, Eventbrite-თან და See Tickets-თან თანამშრომლობს – Spotify-ის ეს ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მათთან ახლოს გამართული კონცერტები აღმოაჩინოს და სურვილის შემთხვევაში, ბილეთებიც იყიდოს. თუმცა, რაც უნდა იყოს, აღნიშნული ბიზნესი Spotify-სა და ბილეთების გამყიდველი კომპანიების თანამშრომლობაა, ხოლო ის, რასაც Spotify-ი გეგმავს – დამოუკიდებელი ბიზნესი.

ფოტო: magnussvanfeldt.se

როგორც Spotify Tickets-ის გვერდზე განთავსებულ სამართლებრივ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ბილეთების გაყიდვას კომპანია მესამე პირების ნაცვლად გეგმავს, რომელთა რიგებში შეიძლება იყვნენ, როგორც საკონცერტო დარბაზები, ასევე თავად არტისტები ან მათი ფან-კლუბები. ამგვარად, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ ბიზნესმოდელის გათვალისწინებით, Spotify-ი ბილეთებზე ფასის დადებას ვერ მოახერხებს და შემოსავალს საკომისიოების სახით მიიღებს.

„ჩვენ, Spotify-ში, ხშირად ვტესტავთ ახალ პროდუქტებსა და იდეებს, რათა მომხმარებლის გამოცდილება გავაუმჯობესოთ. მათი გარკვეული ნაწილი ფართო გამოყენებისა ხდება, ხოლო დანარჩენები – კარგ გაკვეთილად აღიქმება“, – განაცხადა Spotify-ის პრესსპიკერმა, კარლინგ ფარლიმ The Verge-თან საუბრისას. „Spotify Tickets-ი ერთ-ერთი ასეთი სატესტო პროდუქტია“.

როგორც ირკვევა, ბილეთების შესაძენად მომხმარებელს Spotify-ის ანგარიში უნდა ჰქონდეს. თუმცა, ამასთანავე, ბილეთების გაცემის სისტემა ტრადიციულისგან ფრიად განსხვავებულია, რადგან Spotify Tickets-ზე ბილეთები ფიზიკურად არ იყიდება, ჯერ ყოველ შემთხვევაში. მას მერე, რაც მომხმარებელი ბილეთს შეიძენს და ელექტრონულ ფოსტაზე დასტურს მიიღებს, ის იმ ადგილას უნდა მივიდეს, სადაც კონცერტი იმართება და ბილეთი ფიზიკურად მიიღოს. როგორც ჩანს, ამგვარი ხერხით, Spotify-ი ბილეთების გადამყიდველებს ებრძვის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Spotify-ის ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან ფიზიკური ღონისძიებების პოპულარიზაციის ბიზნესში ჩინური TikTok-იცაა ჩართული. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, TikTok-მა თანამშრომლობა დაიწყო Ticketmaster-თან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დემი ლოვატოს, One Republic-ის, აშერისა და WWE-ს ბილეთები უშუალოდ აპლიკაციიდან იყიდონ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ TikTok-ი საკუთარ მუსიკალურ სტრიმინგ-აპლიკაციაზეც მუშაობს, რომელიც კონკურენციას გაუწევს არამხოლოდ Spotify-ის, არამედ Apple Music-საც.

Walmart-ს მომხმარებლებისთვის სტრიმინგ-სერვისის შეთავაზება სურს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Walmart-ს, რომელიც სუპერმარკეტების უდიდეს ქსელს ფლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარი მომხმარებლებისთვის ფილმებისა და სერიალების სტრიმინგ-სერვისის შეთავაზება სურს, რისთვისაც კომპანია Paramount-ის, Disney-ისა და Comcast-ის წარმომადგენლებს ხვდება, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტრიმინგის შეთავაზება ამერიკულ გიგანტს იმ მომხმარებლებისთვის სურს, რომლებიც კომპანიის გამოწერის სერვისს, Walmart Plus-ს იყენებენ. ცნობისთვის გეტყვით, რომ Walmart Plus-ის გამოწერით, მომხმარებლები ფასდაკლებას იღებენ, როგორც შეკვეთებზე, ასევე მიტანაზე და თან, მას Spotify-ის გამოწერის ექვსთვიანი პრემიუმ-პაკეტიც მოჰყვება. დღეს, Walmart Plus-ის სერვისი $12.95 ღირს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაურკვეველია, სურთ თუ არა ზემოხსენებულ კომპანიებს Walmart-თან თანამშრომლობა, რადგან თითოეული მათგანი, სულ მცირე ერთ საკუთარ სტრიმინგ-სერვისს ფლობს. თუმცა ის, რასაც Walmart-ი აკეთებს, უცნაური და მოულოდნელი სულაც არ არის, მეტიც – ეს ერთგვარი ტრენდია. სტრიმინგ-სერვისების ბაზრის კონსოლიდაციის ფონზე, მსოფლიოს უდიდეს კომპანიებს მომხმარებელთა ბაზის გაზრდა სურთ, რისთვისაც დიდ სტრიმინგ-სერვისებთან თანამშრომლობენ. ტელესაკომუნიკაციო კომპანიებმა, Verizon-მა და T-Mobile-მა, მაგალითად, ხელშეკრულებები Disney Plus-თან და Paramount Plus-თან გააფორმეს, რითაც ახალ მომხმარებლებს კონკრეტულად მათი სერვისების გამოყენებისთვის დამატებით მოტივაციას უქმნიან.

ფოტო: insideheadline.com

თავისთავად ცხადია, რომ Walmart-იც ანალოგიურ სტრატეგიას მიმართავს – კომპანიას სურს, მომხმარებლებს მრავალმხრივი სერვისი შესთავაზოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მთავარი კონკურენტის, Amazon-ის არსებობის ფონზე, რომელიც ფლობს, როგორც გამოწერის სერვისს, Amazon Prime-ს, ასევე საკუთარ სტრიმინგ-სერვისს, Amazon Prime Video-ს.

თავად Walmart-ი, რომელიც ამერიკის მასშტაბით ათასობით მაღაზიას ფლობს, მილიონობით თანამშრომელს ასაქმებს და გაცილებით უფრო მეტ მომხმარებელს ემსახურება, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა გართობის ინდუსტრიასა და ზოგადად პოპულარულ კულტურაში. Walmart-ის მასშტაბებიდან გამომდინარე, იქ აღურაცხელი რაოდენობის მუსიკალური ნაშრომები, ფილმები და სხვადასხვა ტიპის ბრენდირებული პროდუქტები იყიდება, რაც მუსიკოსების, პროდიუსერებისა და ანტრეპრენიორების ყურადღებას იპყრობს.

ისე კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ზემოხსენებული გარიგებები არც არასდროს შედგეს და Walmart-მა სტრიმინგ-სერვისის ბიზნესში შესვლაზე მეორეჯერ განაცხადოს უარი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ Netflix-ი, რომელიც ამ ინდუსტრიის პიონერია, ბოლო დროს განსაკუთრებით არასტაბილურად გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, Walmart-მა სტრიმინგ-სერვისი VUDU შეიძინა, რომელიც 2020 წელს, Comcast-ის შვილობილ Fandango-ს მიყიდა.

მარკ გარმენი: Apple-ი საყოფაცხოვრებო პროდუქტების ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, Apple-ი ჭკვიანი სახლის კონცეფციის სულ მცირე ოთხ ახალ მოწყობილობაზე მუშაობს, – ამის შესახებ Bloomberg-ის ძალიან ავტორიტეტული ტექნოლოგიური მიმომხილველი, მარკ გარმენი წერს. გარმენის ინფორმაციით, საუბარია არამხოლოდ ჭკვიანი დამხმარის, HomePod-ის ახალ მოდელზე, რომლის გამოშვება Apple-მა 2021 წელს შეწყვიტა, არამედ განახლებულ HomePod mini-ზეც.

ფოტო: stock.adobe.com

თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ მთავარი სიახლე Apple-ის ორ სრულიად ახალ მოწყობილობაშია: პირველი, გარმენის თქმით, iPad-ისა და დინამიკის ერთგვარი ნაერთია, ხოლო მეორე – საკუთარ თავში Apple TV-ის, კამერისა და HomePod-ის ფუნქციონალს აერთიანებს და სამზარეულოსთვის იქნება განკუთვნილი. გარმენი წერს, რომ Apple-ის ერთ-ერთ პროდუქტს მომავალი წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება აღნიშნულმა მოწყობილობებმა დღის შუქი ვერც ვერასდროს ნახონ.

საინტერესოა, რომ სამზარეულოსთვის განკუთვნილი მოწყობილობის გამოშვებით, Apple-ი კიდევ უფრო ახლო კონკურენციაში შევა Amazon-თან და Google-თან. შეგახსენებთ, რომ ამ ბაზრის წამყვანი მოთამაშეები სწორედ ეს კომპანიები არიან.

ჩინეთში პირველი თვითმართვადი ტაქსები გამოჩნდება – უფლება Baidu-მ მოიპოვა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია, Baidu ჩინეთის გზებზე პირველ თვითმართვად ტაქსებს გაუშვებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც ირკვევა, შესაბამისი ნებართვა კომპანიამ ჩინეთის მარეგულირებლისგან უკვე მიიღო. Baidu-ს თვითმართვადი ტაქსები თავდაპირველად ვუჰანსა და ჩონგჩინგში გამოჩნდება, სადაც ისინი დილიდან საღამომდე, გარკვეულ დროს ივლიან.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს ამგვარი გადაწყვეტილებით, ჩინეთში ოფიციალურად შერბილდა რეგულაცია და შეიქმნა პრეცედენტი, რომლის მიხედვით, თვითმართვად ავტომობილებს გზებზე სიარული სრულად დამოუკიდებლად, ადამიანი მძღოლის კონტროლის გარეშე შეუძლია. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე, ამგვარი უფლება მხოლოდ Baidu-მ მოიპოვა, რაც ამ კომპანიას, მის კონკურენტებთან, Pony.ai-სა და XPeng-თან შედარებით უპირატეს პოზიციაში აყენებს.

ისე კი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Baidu-სა და Pony.ai-ს შორის სხვაობა არც თუ ისე დიდია. შეგახსენებთ, რომ თვითმართვადი ავტომობილების პეკინში გამოყენების ნაწილობრივი ნებართვა ორთავე კომპანიამ მიმდინარე წელს მოიპოვა. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ნაწილობრივი ნებართვა ისეთ შემთხვევებს გულისხმობს, როცა ავტომობილში ადამიანი მძღოლი იმყოფება, რომელმაც კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში მანქანა თავად უნდა მართოს.

ფოტო: Shunsuke Tabeta

როგორც ირკვევა, Baidu ჩინეთის ორი ქალაქით არ კმაყოფილდება და გაფართოებასაც გეგმავს, მათ შორის პეკინსა და გუანჯოუში, რისთვისაც შესაბამის მარეგულირებლებს მიმართავს, – ამის შესახებ Baidu Intelligence Driving Group-ის ვიცე პრეზიდენტმა, ვეი დონგმა განაცხადა. „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთვარეზე დავეშვით და იქ საკუთარი ბაზა გავხსენით“, – განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. „ამიერიდან, მარსზე, ან სულაც ჩვენი მზის სისტემის მიღმა გასვლა – მხოლოდ დროის ამბავია“.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თვითმართვადი ავტომობილებისა და ტაქსების გამოჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური ტრენდია, რომელიც ჩინეთისთვის უნიკალური სულაც არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ General Motors-ის მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპმა, Cruise-მა სან-ფრანცისკოში სრულად თვითმართვადი ავტომობილების გამოყენების ნებართვა ჯერ კიდევ ივნისში მოიპოვა, მაგრამ მას შემდეგ, ავტომობილები ორჯერ მოყვნენ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რის გამოც კომპანია სამართლებრივ ხათაბალაში გაეხვა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Baidu უზარმაზარი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ჩინეთის უდიდეს საძიებო სისტემას ფლობს. თუმცა მობილური ერის შემოსვლასთან ერთად, ბოლო წლებში, კომპანიის მიერ რეკლამების განთავსების ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც, კომპანია ხელოვნური ინტელექტისა და თვითმართვადი ავტომობილების ბიზნესში ჩაერთო.

საინტერესოა, რომ საავტომობილო მიმართულებით, Baidu აწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე აპლიკაციებს. ამა წლის ივლისში კი, Baidu-მ საკუთარი წარმოების რობოტაქსების ახალი მოდელი, Apollo RT6-ი წარმოადგინა, რომლის შექმნა, კომპანიის განცხადებით, წინა მოდელთან შედარებით 50%-ით უფრო იაფი ჯდება. Baidu-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, ჩინეთის გზებზე არსებული თვითმართვადი ტაქსების ავტოპარკი გაორმაგდება და 600-ს ერთეულს შეადგენს.

ByteDance-მა ჩინეთის საავადმყოფოების უდიდესი ქსელი $1.5 მილიარდად შეიძინა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, ByteDance-მა ჩინეთის საავადმყოფოების უდიდესი ქსელი, Amcare Healthcare-ი $1.5 მილიარდად შეიძინა.  აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა, რომელიც ჩინეთის შიგნით მას მერე შედგა, რაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებული კანონმდებლობა საგრძნობლად გაამკაცრა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2006 წელს დაფუძნებული Amcare Healthcare-ი, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე ByteDance-ის ორი შვილობილი კომპანიაა, დედათა და ახალშობილთათვის განკუთვნილ შვიდ საავადმყოფოს, რამდენიმე მრავალპროფილურ კლინიკასა და ხუთ პოსტნატალურ ცენტრს ფლობს, პეკინიდან შენჭენამდე. ამასთანავე, 2020 წელს, Amcare Healthcare-მა ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურების ჩასატარებლად საჭირო ლიცენზიაც მოიპოვა.

ფოტო: gadgetofficials.com

ისე კი, ByteDance-ის მიერ ამგვარ გარიგებაში შესვლა უცნაური სულაც არ არის, რადგან ის ჯანმრთელობის აპლიკაციას, Xiaohe-ს ფლობს, რომლის მთავარი კონკურენტი Alibaba-ს და Ping An Healthcare and Technology-ის საკუთრებაში არსებული სერვისებია, რომლებიც მომხმარებლებს ტელემედიცინის, ვიზიტების დაჯავშნისა და ველნესის სერვისებს სთავაზობენ. საინტერესოა, რომ ეს ინდუსტრია ჩინეთში $89 მილიარდადაა შეფასებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ByteDance-ი ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტი არ არის, რომელმაც ბოლო დროს ჯანდაცვის ინდუსტრიის კომპანია შეიძინა. შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივლისში, ამერიკულმა Amazon-მა პირველადი ჯანდაცვის ამერიკული ქსელი, One Medical-ი $3.9 მილიარდად იყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.