ელ-სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს განცხადებით, ქვეყანაში ბიტკოინის ობლიგაციების დახმარებით ბიტკოინის ქალაქი აშენდება. ამ გადაწყვეტილებით, შეიძლება ითქვას, პრეზიდენტი აორმაგებს ფსონს, რათა კრიპტოვალუტა ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში ინვესტიციების გასაძლიერებლად გამოიყენოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ ბიტკოინის რეკლამირებისათვის მიძღვნილი ერთკვირიანი ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე გაავრცელა. მისი განცხადებით, ბიტკოინის ქალაქი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში აშენდება და ის ენერგიას გეოთერმული წყაროებით, ვულკანისაგან მიიღებს. გარდა ამისა, ქალაქს არ დაუწესდება გადასახადები, გარდა დამატებითი ღირებულების გადასახადის, ეგრეთ წოდებული დღგ-სა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი თანხები სწორედ ამ ქალაქში განათავსონ და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ზედმეტი გადასახადებისაგან დამოუკიდებლად.
საინტერესოა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან შემოსული ფულის ნახევარი ქალაქის ასაშენებლად გამოშვებული ობლიგაციების დაფინანსებას მოხმარდება. მეორე ნახევარი კი ისეთი სერვისებისათვის დაიხარჯება, როგორიც ნაგვის შეგროვებაა. პრეზიდენტის შეფასებით, საჯარო ინფრასტრუქტურის ღირებულება 300 000 ბიტკოინი დაჯდება, რაც ამჟამინდელი მოცემულობით 17.7 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ელ-სალვადორი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად აღიარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯს ქვეყნის პრეზიდენტს ბევრი უწონებს, გამოკითხვების მიხედვით, მისი ბიტკოინით აღტაცებისადმი მოსახლეობის უმეტესობა სკეპტიკურადაა განწყობილი. ამ ნაბიჯს ქვეყანაში დემონსტრაციებიც მოჰყვა.