50%-ით დაჩქარებული სამშენებლო-სამონტაჟო პროცესი, ხარისხისა და ექსპლუატაციის გაზრდილი მაჩვენებლები, ხარჯების ოპტიმიზაცია, მინიმუმამდე დაყვანილი რისკები, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური დანაზოგები – „ელემენტ ჰოლდინგი“ სამშენებლო სექტორს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების წარმოება დაიწყო.
„ელემენტ ჰოლდინგში“ მიიჩვევენ, რომ პროდუქტი საქართველოში ინდუსტრიულ მშენებლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ინოვაციურ სიახლეზე ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი ზაქრო ებელაშვილი გვესაუბრება.
პირველ რიგში, საინტერესოა საიდან გაჩნდა მსგავსი მასშტაბური წარმოების დაწყების იდეა?
„ელემენტ ჰოლდინგი“ აკვირდება საერთაშორისო სამშენებლო ტენდენციებს და ზრუნავს დანერგოს ისინი საქართველოშიც. თითქმის, 16-წლიანი ოპერირება და 10-ზე მეტი შვილობილი კომპანია გვაძლევს საინტერესო დაკვირვებისა და ანალიზის საშუალებას თუ რა საჭიროების წინაშე დგას სექტორი. თავისი შესაძლებლობებითა და უპირატესობებით, რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამშენებლო სფეროს განვითარებაში. პროდუქტი გამოიყენება ინდუსტრიულ მშენებლობებში და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სრულად შეცვლის არსებულ ფონს. გარდა ამისა, რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების წარმოებით იმპორტირებულ პროდუქტს ვანაცვლებთ და ადგილობრივ ბაზარს ბევრად დაბალბიუჯეტიან, თუმცა მაღალხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ.
რას წარმოადგენს რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქცია? როგორ იქმნება და რა ეტაპებს გადის პროდუქტი სამშენებლო მოედანზე მოხვედრამდე?
იგი სამშენებლო მასაა და წინასწარი ფორმის ყალიბში ბეტონის ჩამოსხმით იქმნება. ელემენტების მისაღებად სხვადასხვა ტიპის ბეტონთან ერთად გამოიყენება არმატურა, საჭიროებისამებრ წინასწარ დაძაბული ბაგირი, წინასწარ დამზადებული ლითონის ჩასატანებელი დეტალები, დამათბუნებლები, ფიბრები. ასევე ბეტონის დანამატები და პიგმენტები ვიზუალური ეფექტის მისაღებად.
ამის შემდეგ ბეტონს გასამყარებლად სპეციალურად შექმნილ გარემოში ტოვებენ. საპროექტო სიმტკიცის მიღწევის შემდეგ, ნამზადი ამოდის ყალიბიდან, ხდება მისი დასაწყობება, ხოლო ყალიბი გამოიყენება მრავალჯერადად.
საბოლოო ეტაპზე, რკინაბეტონის მზა ანაკრები ელემენტები სამშენებლო მოედანზე, წინასწარ გათვალისწინებული კვანძების საშუალებით მონტაჟდება.
რა უპირატესობას სთავაზობს რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციები სამშენებლო კომპანიებსა და მათ დამკვეთებს?
რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით მშენებლობას არაერთი სტრატეგიული უპირატესობა აქვს როგორც მშენებლისთვის, ასევე მისი დამკვეთისთვის. პირველ რიგში, ეს არის სამშენებლო პროცესის წარმოუდგენელი ტემპები. მშენებლობის ვადა მცირდება 50%-მდე და თუ გავითვალისწინებთ, რომ პროდუქტი ინდუსტრიულ მშენებლობაში გამოიყენება, მივხვდებით, რა მასშტაბის ბენეფიტებს იღებენ მეწარმეები.
რა იწვევს მშენებლობის ვადის მსგავს შემცირებას?
მონოლითური მშენებლობის დროს მშენებელი სამშენებლო ობიექტზე ჩასხმული ბეტონის სიმტკიცის საპროექტო ნიშნულამდე გაზრდას კვირების განმავლობაში ელოდება. ინოვაციური ტექნოლოგიით კი, მზა ელემენტების მომზადება უმოკლეს დროში ხდება. გარდა ამისა, რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით მშენებლობა გამორიცხავს რისკებს და სრულად კონტროლირებადს ხდის პროცესს. მაგალითად, აღარ გვიწევს კლიმატური პირობების გათვალისწინება, მაშინ როდესაც მონოლითური მშენებლობისას დროითი დანაკარგის დიდი წილი ამინდის ცვალებადობაზე მოდის. გარდა ამისა, აღარაა საჭირო ხანძარსაწინააღმდეგო მასალები, რაც ასევე ხარჯების ოპტიმიზაციას იწვევს. კიდევ ერთი უპირატესობა, საწარმოო გარემოა. მოგეხსენებათ, ბეტონის მიღების, ჩასხმის, მოვლის პროცესი ითხოვს ნორმირებულ პირობებს. ბეტონის ნაზავის ერთგვაროვნება და რეცეპტთან შესაბამისობა, ბეტონის ტემპერატურა, გარემოს ტემპერატურა, ტენიანობა, მომწიფების პროცესის პარამეტრები, პროდუქტის შენახვის, მისი ხარისხის კონტროლის პროცედურები უმნიშვნელოვანესია საბოლოო შედეგისთვის. ყოველივე ზემოხსენებულის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ საწარმოს პირობებში. უპირატესობებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური დანაზოგები. წინასწარ დაძაბული ბაგირის ტექნოლოგიით ბეტონის მოცულობა მცირდება, კონსტრუქციული ელემენტები მსუბუქდება, მიიღება მონოლითურ მშენებლობასთან შედარებით დიდი მალები. შესაძლებელია ე.წ. ჰიბრიდული კონსტრუქციების დაპროექტება (მაგ. მონოლითური ბირთვი ანაკრებ ელემენტებთან ან/და ლითონკონსტრუქციებთან კომბინაცია)…
როგორია პროდუქტზე არსებული მოთხოვნა და ძირითადად, რა სახის ობიექტების მშენებლობისას გამოიყენება?
„ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაზე არსებული საწარმოს პროდუქტს ამ ეტაპზე ექსკლუზიურად შვილობილი კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“ იყენებს. როგორც იცით, კომპანია ინდუსტრიული მშენებლობის ჭრილში ბაზრის 40%-ს ფლობს. შესაბამისად, დატვირთვა საკმაოდ მაღალია. პროდუქტის უპირატესობებში „ელემენტ კონსტრაქშენის“ დამკვეთთა პორტფოლიოდან არაერთი გლობალური თუ ადგილობრივი ბრენდი დარწმუნდა. რაც შეეხება ობიექტების ფუნქციურ დანიშნულებას, რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით, „ელემენტ კონსტრაქშენმა“ ქარხნები და ლოგისტიკური ცენტრები ააშენა. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ პროდუქტი სამშენებლო სექტორის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამ მიზნით, საწარმოს მასშტაბების გაფართოებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
პროდუქტს ქართველი სპეციალისტები აწარმოებენ?
რასაკვირველია, თუმცა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით მშენებლობას აქვს თავისი სტანდარტები და სწორედ ამ რეგულაციებს აკონტროლებენ ისინი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველი და უცხოელი კონსტრუქტორების თანამშრომლობის შედეგად, კონსტრუქციული ნახაზები მზადდება ევროკოდებთან შესაბამისობით. საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრა „ელემენტ ჰოლდინგისთვის“ უცვლელი პრიორიტეტია და არამხოლოდ აღნიშნული პროექტის ჭრილში. S