ელის უოლტონი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდა

ელის უოლტონი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდა

ამერიკული Forbes-ის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგში პირველ ადგილს Walmart-ის მემკვიდრე ელის უოლტონი იკავებს. საცალო გაყიდვების გიგანტის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი, 2022 წლის მაისის შემდეგ, რეიტინგის სათავეში პირველად მოექცა.

$89.2 მილიარდად შეფასებული ქონებით, 74 წლის უოლტონმა მილიარდერთა რეიტინგში L’Oreal-ის მემკვიდრეს, ფრანსუაზ ბეტანკურ მაიერსს გადაასწრო. მაიერსი, რომელიც ამჟამად $88.3 მილიარდის ქონებას ფლობს, ივნისში მცირე ხნით, პირველი სენტიმილიონერი ქალი გახდა. რეიტინგის მესამე ადგილზე Koch Industries-ის მფლობელის, დევიდ კოხის ქვრივი ჯულია კოხია, $74.2 მილიარდით.

ცნობისთვის, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში უოლტონი ამჟამად მე-18 პოზიციაზეა. გარდა ამისა, Forbes-ის რეალურ დროში ტრეკერის მიხედვით, უოლტონი მხოლოდ სამი და ორი პოზიციით ჩამორჩება თავის ძმებს, ასევე Walmart-ის აქციონერ ჯიმ და რობ უოლტონებს.

წლის დასაწყისიდან დღემდე, Walmart-ის აქციების ფასი 47%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც L’Oreal-ის აქციების ღირებულება, იმავე პერიოდში, 13%-ით დაეცა. მიუხედავად გასულ ათწლეულში Walmart-ის $22 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციების გაყიდვისა – და $11 მილიარდზე მეტის ღირებულების გაცემისა – სემ უოლტონის მემკვიდრეები ფირმის 46%-იან წილს კვლავ ინარჩუნებენ.

Forbes-ის შეფასებით, კომპანიის აქციების სამი მეოთხედი თანაბრად ნაწილდება ელისსა და მის ძმებზე – ჯიმ და რობ უოლტონებზე. მათი ქონება შესაბამისად, $95.9 მილიარდად და $94.3 მილიარდად არის შეფასებული. დარჩენილი ქონება ნაწილდება კიდევ ერთი ვაჟის, ჯონ უოლტონის ქვრივ კრისტი უოლტონზე ($16.4 მილიარდი) და მის ვაჟზე, ლუკას უოლტონზე ($33.9 მილიარდი).

ელის უოლტონი, ძმებისგან განსხვავებით, ნაკლებადაა ჩართული Walmart-ის ყოველდღიურ საქმიანობაში. 2011 წელს უოლტონმა მუზეუმი – Crystal Bridges Museum of American Art-ი დააარსა. უოლტონი ბოლო ათწლეულია, აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაშიც. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მილიარდერმა საოჯახო საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის $5.7 მილიარდზე მეტი გაიღო.