2022 წლის პირველ ნახევარში ენერგიის განახლებადმა წყაროებმა ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდა 100%-ით დააკმაყოფილა. Ember-ის Global Electricity Mid-Year Insights-ის ანგარიშის მიხედვით, შედეგად მსოფლიომ ნახშირიდან და გაზიდან ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო 4%-იანი ზრდა, წიაღისეული საწვავის $40-მილიარდიანი ხარჯი და 230 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ემისია აიცილა თავიდან.
ანგარიში ჯამში 75 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს, რომლებიც ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის 90%-ს წარმოადგენს და 2022 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელს, 2021 წელთან ადარებს. როგორც ცნობილი ხდება, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2022 წლის პირველ ნახევარში 389 ტერავატ/საათით (3%), ხოლო ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამომუშავება 416 ტერავატ/საათით (12%) გაიზარდა.
განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ზრდა მცირედით აღემატება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ქარისა და მზისგან ელექტროენერგიის გამომუშავებამ 300 ტერავატ/საათით იმატა და ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდის 77% შეადგინა. დანარჩენი უკვე ჰიდროელექტროსადგურებიდან წარმოებულ ელექტროენერგიაზე მოდის.
საინტერესოა, რომ ჩინეთში ქარისა და მზის ენერგიის წარმოების მატებამ ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდის 92% დააკმაყოფილა, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 81%, ხოლო ინდოეთში – 23%. Ember-ის უფროსი ანალიტიკოსის განცხადებით, პირველი ნაბიჯი ძვირად ღირებული და დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის ჩასანაცვლებლად სწორედ მსოფლიოში ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისი სუფთა ენერგიის გამომუშავებაა.