ექსპერტების პროგნოზით, წლის ბოლომდე რუსეთს 15 ათასი მილიონერი დატოვებს

ექსპერტების პროგნოზით, წლის ბოლომდე რუსეთს 15 ათასი მილიონერი დატოვებს

წლის ბოლომდე რუსეთს 15 ათასი მილიონერი დატოვებს, რაც ქვეყანაში მცხოვრები მილიონერების 15%-ს შეადგენს, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ლონდონური საკონსულტაციო კომპანიის, Henley & Partners-ის პრესრელიზში ვკითხულობთ.

„რუსეთიდან ემიგრაციაში წასული შეძლებული ადამიანების რიცხვი ბოლო ათი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ეს იმ პრობლემების ადრეული ნიშანი იყო, რომელთაც ქვეყანა დღეს გადააწყდა. ისტორიულად ისე ხდება, რომ, როგორც წესი, სახელმწიფოების კოლაფსს ქვეყნიდან შეძლებული ადამიანების გადინება უსწრებს“, – აღნიშნა New World Wealth-ის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ემოილსმა The Guardian-თან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომლიდანაც მილიონერები გაედინებიან – Henley & Partners-ის დათვლებით, წლის ბოლომდე უკრაინას 2800 მილიონერი დატოვებს, რაც ქვეყანაში მცხოვრები მილიონერების 42%-ს შეადგენს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს უკრაინიდან შეძლებული ადამიანების გადინების ყველაზე დიდი ტალღაა.

საინტერესოა, რომ ტრადიციულად, მდიდარი ემიგრანტები, როგორც წესი, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში გადადიოდნენ, მაგრამ წელს ამ ქვეყნებს უმეტესწილად არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩაანაცვლებს. Henley & Partners-ის დათვლებით, წლის ბოლომდე არაბულ სახელმწიფოში 4000 მილიონერი გადაბარგდება, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 208%-ით აღემატება.

ემიგრანტების ყველაზე სასურველი ქვეყნების სიაში მეორე ადგილს ავსტრალია დაიკავებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე 3500-მდე მილიონერს მიიღებს. Henley & Partners-ის ვარაუდით, მესამე ადგილს სინგაპური დაიკავებს (2800 მილიონერი), ხოლო მეოთხეს – ისრაელი (2500 მილიონერი). ათეულში ასევე შევიდნენ შვეიცარია, აშშ, პორტუგალია, საბერძნეთი, კანადა და ახალი ზელანდია.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს, ლონდონური საკონსულტაციო კომპანია 88 ათასი მილიონერის ემიგრირებას ვარაუდობს, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 22 ათასით ჩამორჩება. თუმცა 2023 წელს ამ რიცხვის რადიკალურად გაზრდაა მოსალოდნელი – კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ემიგრაციაში 125 ათასი მილიონერი წავა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *