ერაყის პარლამენტმა რეკორდული, $153 მილიარდის მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა

ერაყის პარლამენტმა რეკორდული, $153 მილიარდის მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა

ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად დიდი, $153 მილიარდის მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავრობა ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდასა და ომისაგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ისახავს მიზნად.

ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი ამჟამად 49 მილიარდი აშშ დოლარია, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებულია. ახალი ბიუჯეტი ძირითადად ნავთობის ექსპორტზეა დაფუძნებული. ერაყელი კანონმდებლების გათვლებით, ბიუჯეტის შესასრულებლად ქვეყნიდან ყოველდღიურად 3.5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი უნდა განხორციელდეს. ერთი ბარელის საშუალო ფასად პარლამენტმა 70 აშშ დოლარი განსაზღვრა.

გარდა ამისა, ერაყის პარლამენტმა ნავთობის გასაყიდი ფასის ერაყულ დინართან აშშ დოლარის მიმართებაც დაამტკიცა, რაც 2025 წლამდე შენარჩუნდება (1 აშშ დოლარი = 1,300 ერაყული დინარი).

ბიუჯეტის თანახმად, სახელმწიფო საჯარო სექტორში დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ახალ კადრს დაიქირავებს. ერაყის პარლამენტის ფინანსთა კომიტეტის წევრის, მუჰამედ ნურის განცხადებით, კონტრაქტორებისა და სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების ჩათვლით სახელმწიფომ ჯამში მილიონზე მეტი მოქალაქე დაიქირავა. სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში საჯარო სექტორის ხელფასებსა და პენსიებს მთლიანობაში დაახლოებით $58 მილიარდით გაზრდის.

ცნობისთვის, ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პოპულაცია ჰყავს. მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ერაყის მოსახლეობა 43 მილიონიდან 80 მილიონამდე გაიზრდება. ეს კი იმის ფონზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად სახელმწიფო საკუთრების მოდელითაა მოწყობილი, უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო პოლიტიკური სიტუაცია – არასტაბილური.