გრეტა ტუნბერგი კლიმატის დასაცავად 251-კვირიან სასკოლო გაფიცვებს წყვეტს

გრეტა ტუნბერგი კლიმატის დასაცავად 251-კვირიან სასკოლო გაფიცვებს წყვეტს

ზოგადი განათლების დასრულებასთან ერთად, ცნობილი შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, კლიმატის დასაცავად „სასკოლო გაფიცვების ეპოქას“ ასრულებს. გარემოსდამცველმა პროტესტი 251 კვირის წინ, 2018 წლის აგვისტოში წამოიწყო და მას შემდგომ, სკოლაში ყოველკვირეულ გაფიცვებს აწყობდა. შედეგად, 15 წლის გარემოსდამცველმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და კლიმატის დამცველი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქტივისტი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტუნბერგის გაფიცვები ძირითადად სტოკჰოლმში, პარლამენტის კიბეებზე ეწყობოდა, „პარასკევი მომავლისთვის“ ინიციატივამ, კლიმატის დასაცავად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით თანამოაზრე აქტივისტი გააერთიანა. „2018 წელს  ჩვენ უბრალოდ ბავშვების მცირე ჯგუფი ვიყავით, რომელიც პარასკევის პროტესტისთვის გაერთიანდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ინიციატივა მსგავსი მასშტაბის შედეგებს გამოიღებდა“, – წერია ამჟამად უკვე 20 წლის აქტივისტის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტუნბერგმა 2020 წლის აგვისტოში, სასწავლო დაწესებულებიდან ერთწლიანი შესვენება აიღო და ეს დრო კლიმატის დასაცავად გლობალურ აქტივობებს დაუთმო. გარემოსდამცველი სიტყვით გარემოს კლიმატის სამიტებსა და სხვა საერთაშორისო დონის ღონისძიებებზე გამოვიდა, სადაც არაერთგზის მკაცრად გააკრიტიკა მთავრობები და კომპანიები, გარემოს დასაცავად გაღებული არასაკმარისი ძალისხმევისთვის.

ახალგაზრდა აქტივისტი 2019 წელს ჟურნალმა Times-მა „წლის ადამიანად“ დაასახელა. სასკოლო აქციების ეპოქის დასრულების მიუხედავად, ტუნბერგის განცხადებით, პარასკევობით პროტესტის შეწყვეტა არ იგეგმება, რადგან მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.