პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მარტის თვიდან, თურქეთში 200,000 საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება. შეგახსენებთ, 6 თებერვალს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში 7.8 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები დაფიქსირდა, რამაც მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.
ერდოღანმა განცხადების გაკეთებისას მიწისძვრის გავლენის სიმძიმეს გაუსვა ხაზი და ის წარსულ, ისტორიულ მოვლენებსაც შეადარა. „საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რწმენით, სიმამაცითა და მოთმინებით უმკლავდებოდა არაერთ პოლიტიკურ თუ სოციალურ აჯანყებას, როგორიც იყო ჯვაროსნული ლაშქრობები და მონღოლთა შემოსევები“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
199,739 ახალი საცხოვრებლის მშენებლობა კი ჯამში თერთმეტ პროვინციაში, მათ შორის მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ჰატაისა და ქაჰრამანმარაშის პროვინციაში იგეგმება. ცნობისთვის, ორი კვირის წინ დაფიქსირებული მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ თურქეთში 41,000 გადააჭარბა, მაშველებმა კი ნანგრევებიდან 114,000 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი კატასტროფის გავლენის შესამცირებლად, ერდოღანმა დახმარების სახით რიგი ღონისძიებები დააანონსა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავრობის „საკრედიტო უზრუნველყოფის ფონდის“ პაკეტი 250 მილიარდი ლირიდან, 350 მილიარდ ლირამდე ($19 მილიარდი) გაიზრდება, სახელმწიფო ბანკები კი მოვაჭრეებსა და ფერმერებს ერთი წლით სესხის დაფარვის ვალდებულებას შეუჩერებენ. გარდა ამისა, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა თითოეული ოჯახი ფულადი დახმარების სახით 100,000 ლირას ($5,300) მიიღებს, თურქული ბანკები კი გადარჩენილთათვის ფულადი სახსრებითა და დახმარების სხვა ფორმებით, 80 მილიარდ ლირას ($4.2 მილიარდი) უზრუნველყოფენ.