ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მთ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება.
“საგარეო შოკის დროს გაცვლით კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს.
გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან/და იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკასა და, შედეგად, დასაქმებაზე და შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო. ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება (ამის მაგალითებია სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა)”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2 ლარი და 84 თეთრია.