ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტისთვის შესარჩევ ეტაპს ცხრა კომპანია გაივლის

ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტისთვის შესარჩევ ეტაპს ცხრა კომპანია გაივლის

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება.

„ეროვნული ბანკი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს“, – ვკითხულობთ სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, გრძელვადიანი კვლევისა და განხილვების შემდეგ, ცხრა კომპანია გამოვლინდა, რომლებსაც, სებ-ის შეფასებით, პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ.

ეს კომპანიებია: AUGENTIC GmbH; Bitt Inc.; Broxus Holdings Ltd.; Currency Network Ltd.; DCM Corp Limited; eCurrency Mint Inc.; FARI Solutions Ltd.; Ripple Labs, Inc.; Sovereign Wallet Co., Ltd.

ზემოხსენებული კომპანიები ლარის საპილოტე პროექტის შესაქმნელად შესარჩევ ეტაპს გაივლიან. შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოავლენს ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც საპილოტე გარემოს შექმნის.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის დანერგვის შესაძლებლობებს 2020 წლიდან იკვლევს.