საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 6.50 პროცენტს შეადგენს.
ბანკის ინფორმაციით, “მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ წნეხს აბალანსებს შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება. გარდა ამისა, დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს”. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას.