ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 25 იანვარს, რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 0.25% პუნქტით გაზარდა და 6.75%-ზე დააფიქსირა. 2016 წლის აპრილიდან სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ამცირებდა და 8%-დან 6.50%-მდე შეამცირა, თუმცა, დღეს სებ-მა განაკვეთი ისევ გაზარდა და ამასთან ერთად გააკეთა განცხადება, რომ მომავალში 7%-მდე გაიზრდება.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ნიშნავს ნაკლებ ხელშეწყობას ეკონომიკურ ზრდაზე და ლარში გაცემილი სესხების ნაწილის გაძვირებას. ეროვნული ბანკი პოლიტიკას ამკაცრებს, რადგან მოელის ინფლაციის მოსალოდნელ ნიშნულზე მეტად ზრდას (4%-ზე მეტად ზრდას). ინფლაციის მოლოდინების გაუარესება კი აქციზის გადასახადის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 7 მარტს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს ისევ გაზრდის.