ერთ კომუნაში

ერთ კომუნაში

ოთხი წლის წინ ახალგაზრდა მეწარმეებმა საქართველოში $200,000-იანი ინვესტიციით პირველი ქართული საერთო სამუშაო სივრცე – Terminal-ი შექმნეს. მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, დღეს უკვე კომპანიის ხუთი ფილიალი ფუნქციონირებს. როგორც მმართველი დირექტორი ჯინო დოლინი ამბობს, მათი მიზანი ამ კომუნის კიდევ უფრო გაფართოებაა. 

არქიტექტორი, ჟურნალისტი, ბუღალტერი, ვებდეველოპერი, მარკეტინგის სპეციალისტი და სხვა არაერთი პროფესიის ადამიანი აქ ერთ სივრცეში მუშაობს, თუმცა მათ საერთო დამსაქმებელი არ ჰყავთ. ისინი უბრალოდ ერთი საქმიანი საზოგადოების წევრები არიან. “აქ ადამიანები მხოლოდ ადგილს კი არ ქირაობენ, აქ ხდება წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლა, აქ იქმნება ახალი სტარტაპები, აქ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროგრამიდან დიდი დაფინანსებებიც მიუღიათ. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა მსგავსი სივრცეებისგან“, – ამბობს ჯინო დოლინი, რომელიც აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ფილიალს თავიდან ბოლომდე გვათვალიერებინებს.

პანდემიის გამო სამუშაო სივრცე ჯერ სრულად არ არის ათვისებული, თუმცა ადამიანების საქმიანი ფუსფუსი ყველა კუთხეში შეიმჩნევა. შეხვედრების ოთახში ერთ- ერთი კომპანიის მენეჯერი ე.წ. ბრეინშტორმინგს ატარებს, საერთო სივრცეში სიმშვიდეა – ყველა მუშაობს. ბარში სამი ადამიანია შეკრებილი შესვენებაზე და ყავას სვამს, როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს თავიანთ კომპანიებზე პანდემიის გავლენების შესახებ ესაუბრებიან. “აქ მოდის ადამიანი, რომელსაც რაღაცის მიღწევა სურს. ეს სივრცე ყველას ატარებს, როგორც ტერმინალი. აქ მუდმივი მოძრაობაა“, – ამბობს ჯინო დოლინი. მსგავს სივრცეებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ეძლევათ საშუალება, ერთმანეთი “იპოვონ“ და ერთმანეთთან ითანამშრომლონ. “მომავლის კომუნა“ – ასეთია კომპანიის პოზიციონირებაც.

Terminal-ის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია Tushiconcept-ია, რომელიც, თავის მხრივ, ეკა და დავით თუშიშვილებმა ევროპაში განათლების მიღების შემდეგ, რამდენიმე წლის წინ შექმნეს. Tushiconcept-ი არაერთ სფეროში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორის პირველი სწორედ Co-working-ი იყო, ანუ საერთო სამუშაო სივრცე.

მსოფლიოში მსგავსი სივრცეები პირველად ევროპაში, 1995-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, აქ შეკრებილი ადამიანები ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ და იდეებს ცვლიდნენ. შემდეგ მსგავსი სივრცეები კიდევ უფრო დაიხვეწა და მომხმარებელს დამატებითი სერვისები შესთავაზა. კომპანია ან ადამიანი, რომელიც დღეს ასეთ სივრცეში ადგილს ქირაობს, გათავისუფლებულია ბევრი ტექნიკური საკითხისგან – მაგალითად, კომუნალური გადასახადებისგან, დალაგების სერვისისგან და ა.შ.

Statista-ს მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიოში სულ 19,000 მსგავსი სამუშაო სივრცე იყო, რიცხვები მზარდია და 2025 წლისთვის ელოდებიან, რომ მათი რაოდენობა 26,000-მდე გაიზრდება. რაც შეეხება “ქოვორქერების“ საერთო რაოდენობას დედამიწაზე, მათი რიცხვი გასული წლის ბოლოს დაახლოებით 3 მლნ იყო. ორ წელიწადში ამ რიცხვის მინიმუმ გაორმაგებას პროგნოზირებენ. დღეს საქართველოში უკვე არის რამდენიმე საერთაშორისო და ქართული ბრენდი ამ მიმართულებით, თუმცა Terminal-ი მათ შორის ყველაზე მსხვილია. მას 3,000-მდე წევრი და 45 თანამშრომელი ჰყავს. როგორც კომპანიის დირექტორი ჯინო დოლინი Forbes Georgia-სთან იხსენებს, ადამიანების ამ სერვისით დაინტერესება მარტივი არ იყო. გამოწვევა კვლავ არსებობს. მსგავს სივრცეებზე ჯერ კიდევ არ არის ისეთი მოთხოვნა, როგორიც ამერიკასა და აზიის განვითარებულ ნაწილშია.

“პრობლემა იყო ქართული მენტალიტეტი კომუნასთან მიმართებით. ფიქრობდნენ, მე ბუღალტერი ვარ და ვებდიზაინერის გვერდით როგორ ვიმუშავებო. თუმცა ჩვენი სივრცის არსი ხომ სწორედ ეს არის, – ამბობს ჯინო დოლინი და აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში Terminal-ს ძალიან ეხმარება კონკურენცია. – ჩვენ მარტოები ვყვიროდით ბაზარზე, ბოლო პერიოდში კი გაჩნდა სხვა ბრენდებიც, მათ შორის ქართულიც და ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულ კონკურენციაში ვართ. დღეს ყველაზე დიდი და მზარდი კომპანია ვართ, თუმცა მომხმარებელთა მოზიდვა გამოწვევად კვლავ რჩება“.

Terminal-ს ამჟამად ხუთი ფილიალი აქვს. ჯამში კომპანიამ მსგავს სივრცეებში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ფილიალების რიცხვის ზრდა სერვისზე მოთხოვნამ განაპირობა. საერთო სამუშაო სივრცეები ქართული ბიზნესისთვის ახალი ტრენდია – პატარა კომპანიები თანდათან დახურული ოფისებიდან საერთო სივრცეში გადმოსვლას ამჯობინებენ.

საქართველოში ძირითადად მსგავსი სერვისის მომხმარებლები სტარტაპები და ფრილანსერები არიან. პროფესიებს შორის კი ვებდეველოპერები, პროგრამისტები და იურისტები ჭარბობენ. მართალია, Terminal-ის კონცეფცია არის ღია სივრცე, თუმცა არსებობენ კომპანიები, რომელთაც იზოლირებული სამუშაო ადგილები სჭირდებათ, რასაც კომპანია ასევე უზრუნველყოფს.

საერთო სამუშაო სივრცეების წევრები ძირითადად დისტანციურად მომუშავე ადამიანები არიან. ანუ ადამიანები, რომელთაც სახლიდან მუშაობას მსგავს სივრცეებში მუშაობა ურჩევნიათ, სადაც ბევრად უფრო საქმიანი გარემოა და გაცილებით მაღალია პროდუქტიულობა, რისი ნაკლებობაც პანდემიით გამოწვეული იზოლაციის აუცილებლობის პირობებში ალბათ ყველამ საკუთარ თავზე გამოსცადა.

Terminal-ში საქმიანი ადამიანებისთვის ერთიანი პლატფორმის შექმნასაც გეგმავენ. ეს იქნება ერთგვარი ბაზა, სადაც ყველა წევრის პროფილი იქნება შეყვანილი: “როდესაც, მაგალითად, აქ მყოფ ადამიანს დასჭირდება მარკეტინგის მომსახურება, ჩვენს შიდა პლატფორმაზე მას თავისუფლად იპოვის მითითებული ფასებით, შეთავაზებებით და ყველა სხვა ინფორმაციით. მეორე მხრივ, ჩათვალეთ, რომ ამ პლატფორმაზე თქვენ საკუთარ თავს პრეზენტაციას გაუკეთებთ ჩვენს კომუნაში“, – გვეუბნება ჯინო დოლინი.

Terminal-ის ყველაზე დიდი სივრცე თბილისში “აქსის თაუერსშია“. ის ცოტა ხნის წინ გაიხსნა და 325 პერსონალურ ადგილსა და 21 კერძო ოფისს აერთიანებს. რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის Mastercard-ი და Microsoft Georgia უკვე გადავიდნენ „თაუერსის“ სივრცეში. სამომავლოდ კომპანია აპირებს, თბილისის საზღვრებს გასცდეს. როგორც ამბობენ, შემდეგი ასეთი ობიექტი ბათუმში გაიხსნება.

“ჩვენ არ ვჩერდებით, ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოთხოვნა ამ სერვისზე საქართველოში, ამაში მომხმარებლის ხმა დაგვეხმარება“, – ამბობს ჯინო დოლინი.