#ერთიამბავი მტკვარზე მოცურავე წისქვილებისა

#ერთიამბავი მტკვარზე მოცურავე წისქვილებისა

„როში“ – წისქვილში ბორბლის ტრიალში როცა ხორბალი იფქვევა, აქეთ-იქით სცვივა ქერქი ხორბალსა,
რომელსაც ჰქვიან „როში“. როშვა წარმოსდგება ამ სიტყვიდან“, – იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“.

„ჩუღურეთში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ყოფილი ვორონცოვის ხიდიდან მუხრანის ხიდამდე მდინარის წისქვილები იყო ჩამწკრივებული. ეს წისქვილები ქალაქს განუმეორებელ ელფერსა და კოლორიტს ანიჭებდა. მაგრამ ამ განუმეორებლობას მაშინ, ალბათ, ვერც ვგრძნობდი, რადგან მტკვარი, მტკვრისპირა ეზოები, მდინარეზე გადმოფენილი ყოველდღიური გარდუვალობა იყო.

ცხადია, წისქვილებიც თბილისური ელფერისა და კოლორიტისთვის არ იყო ნაპირის გასწვრივ მდინარეზე ჩარიგებული. ორმოცი წისქვილი დღედაღამ შეუსვენებლად ატრიალებდა თავის უზარმაზარ ბორბლებს, დედაქალაქსა და მის ახლომახლო მდებარე სოფლებს ხორბალსა და სიმინდს უფქვავდა. ურმებს, დროგებს, ცხენებსა და ვირებს დაუსრულებლად მიჰქონდათ ფქვილი“, – ასე აღწერს არჩილ სულაკაური მტკვარზე „მოცურავე“, „მოტივტივე“ წისქვილებს, ძველი თბილისის გამორჩეულ ობიექტებს, ცნობილი თუ უცნობი ფოტოგრაფების შავ-თეთრ ფოტოებზე ქალაქს სულ სხვა ელფერსა და ვიზუალურ მიმზიდველობას რომ სძენს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, მტკვარზე წისქვილების არსებობა ჯერ კიდევ X საუკუნიდან დასტურდება, 1828 წლის გეგმაზე კი ოცამდე „მოტივტივე წისქვილი“ უნდა ყოფილიყო აღნიშნული1.

ტფილისური წისქვილების შესახებ წერენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურებიც:

„ტფილისში ვნახე წისქვილები ჩვეულებრივი კონსტრუქციის – დამდგარი ბორბლებით“, – აღნიშნავდა გერმანელი მეცნიერ-მოგზაური აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი, რომელიც კავკასიაში 1843 წელს იმყოფებოდა; ფრანგი მეწარმე ალფრედ კეშლენ-შვარცი კი, რომელმაც თბილისში 1879 წელს იმოგზაურა, აღნიშნავდა, რომ ზოგ ადგილას მტკვარზე ჩანდა ერთმანეთზე მიმდგარი ტივები, რომლებსაც გვერდებზე დიდი ბორბლები ჰქონდა – ეს ორიგინალური და თვალწარმტაცი ადგილობრივი წისქვილები იყო2.

ნავის მსგავს ტივტივებზე შემოდგმული წისქვილები ნაპირზე მსხვილი ჯაჭვებით იყო მიბმული, თუმცა, როგორც წესი, მტკვრის ადიდება „დიდ ზარალს აძლევდა“ წისქვილის მფლობელებს.

„თბილისი. წყალდიდობა“ / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

მაგალითად, 1893 წლის 13 მაისის ცნობილი წყალდიდობის დროს, პაპკოვის წისქვილიდან წყალს დიდძალი ბამბა წაუღია, მტკვრის მარცხენა ნაპირზე გამართული წისქვილებიდან კი ფქვილი და ხორბალი.

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1897 წლის 18 დეკემბერს, გამთენიისას, მტკვარს ვოდოპიანოვის წისქვილი მოუტაცია, მოწყვეტილ წისქვილს კი მუხრანიანთ ხიდის ბორნის მავთულები დაუწყვეტია, რის გამოც, ბორნის მიმოსვლა შეჩერებულია – „მტკვარმა წისქვილი სახელოსნო სკოლის პირდაპირ გარიყა“.

მშვიდობიანობის ჟამს თბილისელები თუ გარშემო სოფლების მცხოვრებლები მტკვარზე მოცურავე წისქვილების მომსახურებით ხშირად სარგებლობდნენ და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ხორბალსა თუ სიმინდს ფქვავდნენ.

ამას გარდა, ვორონცოვის დროს, მეწისქვილეებს მცირედი სარგებლის მიღება სხვა გზებითაც შესძლებიათ.

იმ პერიოდში, ტფილისში მეტივეებთან დაკავშირებით ერთი საგულისხმო წესი ყოფილა შემოღებული: თუკი წყალი ტივს დაშლიდა და ხეებს მოიტაცებდა, მეტივეს საკუთარი ხეების დაბრუნება მარტივად შეეძლო, ოღონდ „ერთი აბაზი კი უნდა მიეცა თითო ხეში იმისთვის, ვისთანაც იპოვნიდა ტივს“. სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ეს იღბლიანი მპოვნელები ხშირად სწორედ ტფილისელი მეწისქვილეები იყვნენ.

ამასთანავე, სავარაუდოა, რომ მტკვარში, ნებსით თუ უნებლიეთ ჩავარდნილებს პირველ მაშველებად და ზოგჯერ მხსნელებად სწორედ ტფილისის მეწისქვილეები უნდა მოვლენოდნენ, რომლებიც მდინარეში დახრჩობისთვის განწირული ადამიანების გადარჩენას სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის თოკის ჩაწოდებით ცდილობდნენ.

„ვორონცოვის სანაპირო, წლის წისქვილები მდინარე მტკვარზე“ / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

თავის მხრივ, წისქვილები საფრთხეს წარმოადგენდა დაუდევარ მობანავეთათვის. მაგალითად, ძველ ქართულ გაზეთებში წერდნენ იმის შესახებ, რომ ზაფხულობით, „შუადღის 4 საათი დადგება თუ არა და ცხარე მზე გაახურებს დედა-მიწას, სასიამოვნო სურათს წარმოადგენს მტკვრის ორივე მხარე. ათ-ათობით ბიჭები შეკრებილან – 12 წლიდგან 18-19 წლამდე და ერთი ამბავი გააქვთ წყალში. ზოგი მალაყებს გადადის, ზოგნი ერთი ერთმანეთს ეჯიბრებიან და იქამდე თავდავიწყებაში შედიან, რომ ცოტა აკლია ან წისქვილის ჩარხმა, ან შუაწყლის მორევმა ჩაითრიოს…“

თუმცა, მთავარ სათქმელს რომ დავუბრუნდეთ, ტფილისურ წისქვილებსა და მეწისქვილეების საქმიანობასთან დაკავშირებით, უცვლელად გთავაზობთ 1885 წლის გაზეთ „დროების“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებულ ამბავს, რაც ალბათ ყველაზე უკეთ აღწერს, თუ რა გავლენას ახდენდა მტკვარზე მოტივტივე წისქვილების სერვისი ქალაქის მოსახლეობასა თუ ახლომახლო სოფლების მკვიდრებზე:

„რაც ჩვენს დედა ქალაქს თბილისს სოფლები ახვევია, როგორც მოგეხსენებათ, ყველა იმათი მცხოვრებნი პურს ქალაქის წისქვილებში ფქვენ.

მტკვრის მარცხენა ნაპირზედ თითქმის ოცდა ხუთამდე წისქვილი იქნება გაკეთებული, მაგრამ ეს რიცხვი ვერ აკმაყოფილებს თბილისის ახლო-მახლო სოფლებს.

მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ მთელი ზემოხსენებული რიცხვი წისქვილებისა აქვთ აღებული იჯარით ესრედ წოდებულს „ფოდრაჩიკებს“ რამდენისამე წლობით, გარდა ორი წისქვილისა, რომელიც ეკუთვნის მღ. იმნაძეს.

რასაკვირველია, ორს წისქვილს ვერ შეუძლიან დააკმაყოფილოს ყველა თფილისის გარშემო სოფლები და კაცი უნებურად იკითხავს: მაშ როგორ მიდიან იოლას იმოდენა ხალხიო?

აი როგორ: დღეს რომ მე პური ჩამოვიტანო დასაფქვავად – ორიოდ დღეს იქ უნდა ვიყო, ვიდრე ჩემი ჯერი მოვა. ხშირად ერთ კვირაზედ მეტს უცდის ზოგიერთი გლეხი სწორედ მკათათვეში; რადგანაც იგი ამდენს ხანს საქონელს ქალაქში ვერ შეინახავს, ამიტომ პურს ქალაქში გაუშვებს და საქონელს წაასხამს სოფელში. მერე ვადაზედ ჩამოვა, დაჰფქვავს, წავა შინ, ჩამორეკს საქონელს და ისე წაიღებს შინისაკენ.

რამდენჯერ მინახავს, რომ ერთი ვირის საპალნე ხორბალს გლეხი ორს და სამს დღეს ვერა ჰფქვავს, რის გამოც უეჭველად შინ ცოლ შვილი რჩება მშიერი და ქალაქში კიდევ თითონაც და ვირი.

აი, ამნაირს გაჭირვებაში არიან თბილისის გარშემო მცხოვრებნი და კაცი არ არის, რომ ამათ გაჭირვებაში დაეხმაროს. მგონი ჩვენი ქალაქის მეთაურების საქმეა, რომ თვალ-ყური ადევნონ „ფოდრაჩიკების“ საქციელს. მართალია, წისქვილი კერძო საკუთრებაა და პატრონი იმას მისცემს იჯარით, ვისგანაც უფრო ბევრი ხეირი აქვს (რასაკვირველია, რომ „ფოდრაჩიკებისაგან“ აქვთ ხეირი, რადგანაც ისინი მთელი წლობით იღებენ წისქვილს და თუ გინდა რომ მოსცდეს კიდეც, პატრონი არასა ჰკარგავს) მაგრამ მაინც შეიძლებოდა როგორმე დაეყოლიებინათ წისქვილის პატრონები, რომ ზოგჯერ სოფლელებს ეხმარათ და ზოგჯერ „ფოდრაჩიკებს“.

აი თუნდ ესე: დღისით რომ „ფოდრაჩიკებს“ ეფქვათ, ღამე სოფლელებს, ან კიდე ესე: წისქვილში ორი ბორბალი ბრუნავს; ერთი ბორბალი გლეხებისთვის ყოფილიყო, მეორე კი „ფოდრაჩიკებისთვის“; თუ ვინიცობაა თავისუფლად დარჩებოდა, ის ბორბალიც ამ უკანასკნელებს ეხმარათ.

ასე რომ არც მეწისქვილე იქნებოდა ზარალში და არც სოფლელებს ექნებოდათ ესეთი გაჭირვება“, – წერდა გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი 1885 წელს.

ძველ ქართულ პრესაში, ამჯერად 1891 წლის „ივერიაში“, გვხვდება ერთ კონკრეტულ წისქვილთან დაკავშირებული ასევე საგულისხმო ცნობა, რომელიც წისქვილის არა მტკვრის, არამედ მილის წყლით მუშაობის შესაძლებლობას და ქალაქისთვის მნიშვნელოვან არაერთ სხვა გარემოებას უკავშირდება:

„მტკვრის მარჯვენა ტოტი, საზაფხულო თეატრიდამ დაწყებული, ვიდრე ვანქის ტაძრამდე ზაფხულობით ხშირად გუბდება ხოლმე და წყალი ლპება. ამ ტოტის ნაპირის მცხოვრებთ რამდენჯერმე უცნობებიათ ეს გარემოება ქალაქის გამგეობისათვის და უთხოვნიათ შემწეობა, მაგრამ გამგეობას ვერა მოეგონა რა ამის ასაცდენად, რადგან ამ ტოტის ზემოდ პაპკოვის წისქვილია და იქ ხშირად წყალი გადაჰყავთ ხოლმე, რის გამოც მტკვრის ტოტში წყალი უფრო ადვილად გუბდება.

ამას პაპკოვს ვერ დაუშლიან, რადგან უამისოდ იმის წისქვილი ვერ იმუშავებს და დიდი ზარალიც მიეცემა, მაგრამ მეორეს მხრით, ამ არე-მარეში მცხოვრებთა მდგომარეობაც მეტად გაჭირვებულია სიმყრალე-სიბინძურისაგან, რომელიც დაგუბებულია მტკვრის ტოტში.

„ძველი თბილისი. ავლაბრის ასასვლელი და წყლის წისქვილი მტკვარზე“ / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

წყალ-დიდობისასაც დიდს ზარალს იძლევა თურმე ეს ტოტი: ეზოები და ძირს სადგომები სულ წყლით ივსება და სულ ერთიან რეცხავს მცხოვრებლების ეზო-სახლებს.

ყველა ამის ასაცდენად, კარგი აზრი მოსვლია ქალაქის ინჟინერს. ამის აზრით მტკვრის მარჯვენა ტოტი სრულიად უნდა ამოივსოს და პაპკოვმა ქალაქის დახმარებით ცალკე მილით გაიყვანოს თავის წისქვილისაკენ წყალიო, მაგრამ ისე-კი, რომ ქალაქმაც ისარგებლოს ამ წყლით. ისეთი ძალა მიეცემა ამ ადგილს დაცემულს წყალს, რომ ელექტრონის ძალა შეგვიძლია შევამუშავოთ და ამით ქალაქის ქუჩებიც გავანათოთო.

ამ ადგილების მცხოვრებთაც უნდათ სთხოვონ ქალაქის გამგეობას მტკვრის მარჯვენა ტოტის ამოვსება იმ პირობით, რომ არავითარი დავა არ გავაცხადოთ ამოვსებულს ადგილზედ, თუ რომ ეს ადგილი ქუჩად იქნება გადაქცეული და იმ სიმაღლეზე ასწევს ქალაქი, რომ ჩვენს სახლებს შეგვეძლება ქუჩის კარები გავუკეთოთო.

სწორედ საყურადღებო აზრი მოსვლია ქალაქის ინჟინერსა და ჩვენი ქალაქის საბჭოს, ეჭვი არაა, გულმოდგინეთ შეუდგება ამის განხორციელებას, რომელიც მეტად სასარგებლოდ დარჩება თვით ქალაქისათვისაც, არა თუ მარტო ამ ადგილების მკვიდრთათვის“.

ამ ამბებიდან შორს არაა ის დრო, როდესაც ტფილისში წისქვილები მუშაობას შეწყვეტს, რადგან 1896 წლის ზამთარში მტკვარი გაიყინება, თუმცა გაივლის კიდევ რამდენიმე წელიწადი და უკვე საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში მტკვარზე მოტივტივე წისქვილები სამუდამოდ შეწყვეტენ არათუ მუშაობას, არამედ არსებობას… 1921 წლიდან, როგორც მთელი საქართველოსათვის, ისე ტფილისისთვისაც სრულიად ახალი ისტორია დაიწყო – „ძველმა ქალაქმა ჯერ მძიმედ მოსდრიკა წელი, შემდეგ კი სავსებით შეურიგდა თავის ულმობელ განკითხვას“ და იქცა პოეტურ მოგონებად, ან დაინთქა დავიწყებაში.

ასეთი ბედია ეწია მტკვარზე მოცურავე წისქვილებს, რომლებიც მიზეზთა და მიზეზთა გამო, „მტკვრის ტალღებზე გაწოლილი სანაპირო კედლების, ზარნიშივით შემოვლებულ წითელი და თეთრი ქვის მოაჯირების“ აშენება-მოწყობას შეეწირა, მათი ბორბლები კი უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოების თვალიერებისას – ჩვენს წარმოსახვასა თუ ტფილისში გადაღებულ უნიკალურ, იშვიათ ვიდეოკადრებში ბრუნავს.

„თბილისი. წყლის წისქვილი მტკვარზე შესასვლელის მხრიდან“ / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

 

***

1 – „ეთნოლოგიური თბილისი თბილისელთა ტრადიციული ყოფა და კულტურა“, როლანდ თოფჩიშვილი, თეიმურაზ გვიმრაძე, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2017 წ.

2 – „თბილისი ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურების თხზულებებში (XIX საუკუნე – XX საუკუნის დასაწყისი), „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018 წ.